ანა აბაშიძე განმარტავს, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას
25/10/2022 09:20:02 პოლიტიკა
ომბუდსმენობის კანდიდატი ანა აბაშიძე განმარტავს, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა მიმართულებით დიდი შრომაა გასაწევი და თუმცა როგორც მან აღნიშნა, მთავარი თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება იქნება:
"რაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ შემდეგი 6 წლის განმავლობაში, თუ არჩევანი ჩემზე იქნება - პირველი და მთავარი არის თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რომელიც პირველ რიგში, მიემართება ყველა ადამიანს ვინც უმცირესობათა ჯგუფს წარმოადგენს. ეს არის ყველა სფერო: კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, სამოქალაქო, პოლიტიკური, ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში ლეგიტიმურად ცხოვრობს, უფლება აქვს თანაბრად სარგებლობდეს იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვქმნით და ვინაწილებთ, მაგრამ სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ეს გადანაწილება არ არის სამართლიანი".
აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა, მათ შორის გენდერულ თანასწორობის, ბავშვთა უფლებების, შრომითი უფლებების, შშმ და ლგბტქ პირების უფლებები საკითხებზე:
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ გენდერულ თანასწორობაზე, იმ პატარა გოგოებზე და ბიჭებზე, რომლებსაც ბავშვობაში ვუნერგავთ მავნე აზრებს, რის გამოც ისინი ხშირად ან დანაშაულის მსხვერპლები არიან ან დამნაშავეებად იქცევიან. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ბავშვებთან, უნდა ვიმუშაოთ მოძალადე ადამიანებთან, რომლებსაც რეაბილიტაციის უფლება აქვთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციის, სიძულვილის შემცირებაზე. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ზიზღის ობიექტები არიან. ეს ზიზღი უსაფუძვლოა იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანს აღიარებდე ისე, როგორც ღირებულებას და მერე შეძლო დიფერენციაციის გაკეთება პოლიტიკური, ორიენტაციის თუ სხვა ნიშნით. ასაკის მიუხედავად რეპროდუქციული სქესობრივი ჯანდაცვა და განათლება არის ის მთავარი საკითხები, რომელიც ხანდახან ძალადობის საფუძველია პატარა გოგოების და ბიჭების მიმართ და აუცილებელია ამ მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. შშმ პირები და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები ადამიანები, მათ წინაშე არის მთელი რიგი მენტალური თუ ფინანსური ბარიერები, რომ არაფერი ვთქვათ გარემოს მისაწვდომობაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჯგუფი, რომელზეც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სახალხო დამცველი. აქვე მოვიხსენიებ ადამიანებს, ომის ვეტერანებს, რომლებიც ამ წუთას, იმის გამო, რომ ჩვენ გვიცავდნენ, ფლობენ შეზღუდულ შესაძლებლობას და ჩვენი კომპენსაცია ამ ადამიანების მიმართ არის მიზერული“.
ამასთან, მისი თქმით, განათლების სისტემის მისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის მიმართულებით აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება:
„როდესაც განათების სისტემას ვახსენებ, ვგულისხმობ განსაკუთრებით პირველ ეტაპს, ეს არის სკოლამდე აღზრდა. შრომითი უფლებების ეფექტური დაცვა - როდესაც შრომის უფლებებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ყველას, პირველ რიგში, ვგულისხმობ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხშირად შრომითი უფლებების და შიდა თანასწორობის პრობლემის გამო უხდებათ, ჩემი შეფასებით, ძალიან მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება. იცით, რომ სასამართლო სისტემა მოწყვლადია გენდერული თვალსაზრისით, სისტემა არ ცნობს ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი არის, მაგრამ ეს არ არის ის პროგრესი, რომელიც სამართლიან მსჯავრს გულისხმობს ხშირ შემთხვევაში. სისტემა ორიენტირებული არ არის შშმ პირებზე და არ იცის, რა არის საჭირო“.
ამასთან აბაშიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს უნდა შეეძლოს ყველასთან დიალოგი და თანამშრომლობა, მიუხედავად მისი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური კუთვნილებისა:
" უნდა გქონდეს უნარი, რომ დადო შენი სუბიექტური შეხედულებები მაგიდაზე და ისე იმუშაო, რომ არ გადაგძლიოს შენმა შეხედულებებმა“.
პარლამენტმა სულ ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. დღესვე მოუსმენენ კიდევ ორ კანდიდტს – გიორგი ბურჯანაძესა და მარიკა არევაძეს.


