შალვა პაპუაშვილი: "ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ"
25/10/2022 09:21:48 პოლიტიკა
საქათველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთ-ერთი მონაწილეა. სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.
"ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ. რაც შეხება ჩვენ დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა, არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა რუსული აგრესია და ძალიან კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას უნდა გულისხმობდეს თავის თავში სოლიდარობა უკრაინის მიმართ", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, 5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ ზაგრებშია. დელეგაციაში ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.


