ანა აბაშიძე მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს
25/10/2022 09:46:23 პოლიტიკა
"კი, მივიჩნევ", - ასე უპასუხა სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის კითხვას, მიიჩნევს თუ არა ის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის.
ანა აბაშიძემ ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ მას შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევის ბევრი სხვა შემთხვევა გაიხსენოს:
„უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში, როდესაც მან სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, აი ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილმა 53-ე სკოლის დირექტორმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმა და ა.შ., თუმცა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა "ხულიგანი" ეძახა. მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების და მაშინდელმა სახალხო დამცველმა რეკომენდაციაც გასცა და მიხეილ სააკაშვილის ქცევა ძალიან ნეგატიურად იქნა შეფასებული და ჩემი შეფასებით, ყველაზე არაეთიკური და ბავშვზე არაორიენტირებული სკოლის დირექტორი იყო. ეს ერთი შემთხვევაა. მე შემიძლია ბევრი სხვა შემთხვევა ჩამოგითვალოთ“.
ამასთან, აბაშიძემ აღნიშნა, რომ "ამ დროისთვის, ვერ ხედავს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც შეიძლება მისი გემოვნება, ხედვები და დამოკიდებულება პოლიტიკასთან მიმართებაში ისე წარმოაჩინოს, როგორც ეს მას სურს".


