Accentnews.ge
სარჯველაძე – პრაისის განცხადებაზე: "აშშ-ს მიკერძოებული NGO-ებისგან არც მთლად სწორად მიეწოდება ინფორმაცია"

სარჯველაძე – პრაისის განცხადებაზე: "აშშ-ს მიკერძოებული NGO-ებისგან არც მთლად სწორად მიეწოდება ინფორმაცია"

25/10/2022 12:06:52 პოლიტიკა

„აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან არც მთლად სწორად მიეწოდება ინფორმაცია, შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ ნედ პრაისის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აშშ–სთან თანამშრომლობას განაგრძობს.

"რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას უკუსვლაზე, უმჯობესია, ალბათ, ამ საკითხზე კონკრეტული რეფორმები დავასახელოთ და ამის შემდეგ შევაფასოთ. აშშ-ს არაერთი მიკერძოებული პოლიტიკოსად ქცეული არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიეწოდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, არც მთლად სწორად არის მიწოდებული ინფორმაცია და შესაძლოა, ამან განაპირობა ასეთი შეხედულების ჩამოყალიბება. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ ასეთი შეფასების მიზეზი არავის და უპირველესად, ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იგი ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ აშშ საქართველოს ზურგს შეაქცევდა, ამ რიტორიკას კი ნედ პრაისმა საფუძველი გამოაცალა:

"ოპოზიციის ნარატივი, რასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, შეესაღებინათ, როგორც სიმართლე საზოგადოებისთვის, რომ აშშ-სგან გაწყრომას და ზურგის შექცევას ელოდა საქართველოს მხარე, ეს რიტორიკა სილაგაწნული აღმოჩნდა ნედ პრაისის მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ თანამშრომლობა გრძელდება და არსებობს თანამშრომლობა აშშ-სთან. ამ რიტორიკას არავითარი საფუძველი არ აქვს, რომლითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ".

ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა უწყებაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა უკუსვლა გამოიწვია.

ჟურნალისტმა პრაისს ჰკითხა, აშშ–ის რეაქციის შესახებ, "როცა ხედავენ დეპუტატების მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებს", ასევე განცხადებებს, რომელთა თანახმად, "აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს". ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრაისმა შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილმა გააკეთა. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, გამოიწვია უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად. არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ყოველივე ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის“.

კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ "ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს".

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვადარდებს, როდესაც საქმე საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას ეხება, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიყოთ ქართველის ხალხის, ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, – განაცხადა პრაისმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S