Accentnews.ge
რა წინადადებებით ჩამოვიდა ალიევი საქართველოში: ხედვა აზერბაიჯანიდან

რა წინადადებებით ჩამოვიდა ალიევი საქართველოში: ხედვა აზერბაიჯანიდან

26/10/2022 11:10:34 კომენტარი

მეორე დღეა, საქართველოს საექსპერტო წრეებში განხილვის თემაა, მაინც რა მიზნით ესტუმრა თბილისს დაუანონსებლად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ რიგი ეკონომიკური პროექტები დააანონსა. როგორც წესი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერის ვიზიტის შემდეგ მის შედეგებზე მახვილდება ყურადღება, თუმცა ამ შემთხვევაში, მათ შორის, ვიზიტის მოულოდნელობამ და გეოპოლიტიკურმა კონტექსტმაც გააჩინა კითხვები. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სტუმრობის შესახებ ალიევის ქართველი კოლეგა – სალომე ზურაბიშვილიც არ ყოფილა ინფორმირებული.

„ამბობდნენ, საქართველო–აზერბაიჯანის „ხიდის“ მნიშვნელობა დაეცაო“

აზერბაიჯანელი დეპუტატი, პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ვიზიტამდე ალიევმა თავის თურქ კოლეგას უმასპინძლა, მანამდე იმყოფებოდა ცენტრალურ აზიაში, ჰქონდა შეხვედრები უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში. ასევე ჩატარდა დსთ–ს სამიტი და შანხაის ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ სამარყანდში.

„ვფიქრობ, მას სერიოზული შეხვედრები და მოლაპარაკებები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანი პერსპექტივები იხსნება. ამ რეალობაში აზერბაიჯანის და საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია კასპიის და შავი ზღვების ერთმანეთთან კავშირია. დიახ, ინფრასტრუქტურა არსებობდა, ფუნქციონირებდა, მაგრამ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველო–აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ხიდის საჭიროება უკვე არსებულს მიღმა აღარ არსებობდა. ვუსმენდი ანგაჟირებულ ანალიტიკოსებს, „აშშ გავიდა ავღანეთიდან, ხოლო ევროპა გადადის სუფთა ენერგიაზე, ამდენად აშშ–ისა და ევროპისთვის აზერბაიჯანის მნიშვნელობა, როგორც ენერგორესურსების მფლობელის, სატრანზიტო პოტენციალის მქონის, დაეცემა და მაშინ ანტიაზერბაიჯანული ძალები გაძლიერდებიანო“. მაგრამ რეალობა ამგვარი სულაც არ აღმოჩნდა: ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის რესურსების და კომუნიკაციების მნიშვნელობა, რომელთაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთად უზრუნველყოფენ, იზრდება. დიახ, აშშ გავიდა ავღანეთიდან, მაგრამ ის ორგანიზებას უწევს ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან ერთობლივ სამხედრო სწავლებას; მათ გადასცემს იარაღს, რომელიც ავღანეთიდან იქნა გატანილი; $100 მილიონი აქვს პენტაგონს ბიუჯეტში გათვალისწინებული აზერბაიჯანისთვის ტექნიკური დახმარების გაწევისთვის. იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანის და მისი დერეფნის მნიშვნელობა ძალაში რჩება“,– ამგვარად აღწერს ვითარებას აზერბაიჯანელი დეპუტატი.

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება

რასიმ მუსაბეკოვი ფიქრობს, რომ საუბრის თემა ასევე იქნებოდა ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზის განვითარება, როგორც ამაზე ალიევმაც მიანიშნა და ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობის ზრდა:

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75%–ით გაიზარდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. მან ასევე თქვა, რომ სერიოზული კაპიტალის ჩადებას აპირებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. ვიწრო მონაკვეთები უნდა გაფართოვდეს. ვფიქრობ, მოცულობის ზრდასთან ერთად ტარიფებიც გაიზრდება იმ დონეზე, რომ ეს ტვირთის გამგზავნისთვისაც იყოს მომგებიანი და ცხადია, ინფრასტრუქტურის მფლობელებისთვისაც. ამას კი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება სჭირდება. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, განვავითაროთ რკინიგზის ჩვენი მონაკვეთი, მაგრამ მატარებელი შევა საქართველოში და იქნება შეფერხება. ანუ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამ დერეფანში არსად იყოს შემაფერხებელი გარემოებები. ჩვენთან მატარებლები უნდა მოძრაობდნენ 100–150 კმ/სთ სიჩქარით მაინც. არ ვსაუბრობ 300–350 კმ/სთ–ზე, როგორც ჩინეთსა და ევროპაში მოძრაობენ, მაგრამ 100–150 კმ/სთ სიჩქარის უზრუნველყოფა ჩვენი ინფრასტრუქტურით შესაძლებელია. 300–350 კმ/სთ სიჩქარეზე გადასვლა უკვე სრულიად ახალი რკინიგზაა“.

„საქართველო ფასების ზრდას დაჟინებით მოითხოვდა“

როგორც აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, სერიოზულად დგას ყაზახური ნავთობის სამხრეთ კავკასიის დერეფნისკენ გადმომისამართების საკითხი, თუმცა ამ კუთხით არსებობს რიგი პრობლემები, მათ შორის, ტარიფების თვალსაზრისით.

„ნავთობის მოცულობა, რომელიც აზერბაიჯანს აქვს, ბოლომდე ვერ ავსებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენსაც კი. ამიტომ, სუფსის მილსადენი გაჩერებული იყო. არის შეთავაზება, რომ ყაზახურმა ნავთობმა ამ მილსადენში გაიაროს, მაგრამ აქაც მოლაპარაკებაა საჭირო, რადგან თავის დროზე კონკრეტული ტარიფი კონსორციუმის წევრებისთვის იყო დადგენილი. მაგალითად, ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ კონსორციუმის არაწევრებისთვის ტარიფები გაზრდილიყო, რადგან ამით საქართველოც მეტს მიიღებს. მაგრამ აქ შემდეგი საკითხი იჩენს თავს: გვჭირდება ყაზახეთის სტიმულირება, რომ ჩვენი მიმართულებით გადმოერთოს. კასპიის მილსადენი, რომლითაც ყაზახეთი თავის ნავთობს ნოვოროსიაში გზავნის, მისი საკუთრებაა და საკმაოდ დაბალი ტარიფებიც აქვთ; არ სჭირდებათ პროდუქტის ზღვაზე გადატანა, ტერმინალებში გადატვირთვა – ეს ყველაფერი აძვირებს ტრანსპორტირებას. ამიტომ, ვფიქრობ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას ცდილობდა, „ჩვენ ეს მარშრუტი მიმზიდველი უნდა გავხადოთ, მათ შორის ტარიფების თვალსაზრისითაცო“. სჯობს რაღაც გამოვიმუშაოთ ამ მილსადენით, ვიდრე ის ცარიელი იყოს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საუბარი სასარგებლო იყო“.

„შეგვიძლია, უკრაინა დავაზღვიოთ“

დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და რუმინეთი საქართველოსა და რუმინეთის სანაპიროებზე გეგმავენ ტერმინალების აშენებას თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერებით ტრანსპორტირებისთვის.

„გასაგებია, რომ ეს გაზი შესაძლოა, მიეწოდოს როგორც რუმინეთს, ისე უკრაინას. ამდენად, ამ კუთხით, ჩვენ უკრაინის დაზღვევას შევძლებთ! ესეც მნიშვნელოვანი პროექტებია და საჭირო იყო ბაქოსა და თბილისს შორის მოლაპარაკებები“,– აღნიშნავს რასიმ მუსაბეკოვი.

„საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობებში ერთგვარი პაუზა შეინიშნებოდა“

აზერბაიჯანელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ალიევის ვიზიტი, საქართველო–აზერბაიჯანის ერთგვარად დაპაუზებულ ურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს:

„სამი–ოთხი წლის წინ ყველა არსებული მსხვილი პროექტი, რომლებიც საქართველოში აზერბაიჯანის მონაწილეობით განხორციელდა, შეიძლება, ითქვას, რომ დასრულდა და თითქოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ერთგვარი პაუზა შეინიშნებოდა. ტრადიციული შეხვედრები გრძელდებოდა, მაგრამ ურთიერთობების ხარისხობრივი განვითარება არ შეიმჩნეოდა. ვფიქრობ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი პოზიტიურ ბიძგს მისცემს ხარისხობრივი ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას. ესაა დამატებითი მსხვილი პროექტები და ახალი ხარისხი ურთიერთქმედება. შემთხვევით არ უთქვამს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ „სტრატეგიული ურთიერთობები უნდა გადავიდეს მოკავშირული ურთიერთქმედების დონეზეო“. მეტიც, მან თქვა, რომ რეგიონი უნდა წასდგეს საქართველო–აზერბაიჯან–სომხეთის დიალოგის, თანამშრომლობის, პარტნიორობის ფორმატით“.

მისი ხედვით, არსებულ ტურბულენტურ გარემოში ხელის შემშლელი ნამდვილად არ იქნებოდა მოკავშირული ურთიერთქმედების განმტკიცება სხვადასხვა სფეროებში და ეს არ გულისხმობს სომხეთის იზოლირებას:

„ეს რეალობაში არსებობს. შეგახსენებთ, რომ ათიოდე დღის წინ აზერბაიჯანის–თურქეთის და საქართველოს სპეცრაზმმა ტრადიციული სწავლება ჩაატარეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ვფიქრობ, ამგვარი ერთობლივი სწავლებას არა მხოლოდ სპეცრაზმი უნდა გადიოდეს, სპეცსამსახურებიც უნდა ურთიერთქმედებდნენ და ამ ყველაფრის განმტკიცება შესაძლებელია ერთობლივი სიკეთისთვის. შესაძლოა, ეს აღქმულ იქნეს რეგიონში სომხეთის იზოლირებად. და ვფიქრობ, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთქმედების განმტკიცებაზე ისაუბრა, ამიტომაც გააკეთა მოწოდება სამმხრივი ფორმატის თაობაზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S