სახალხო დამცველობის კანდიდატი: "ვერ გეტყვით ვინ არიან ოლიგარქები"
26/10/2022 11:51:37 პოლიტიკა
სახალხო დამცველობის კანდიდატი, თსუ-ის პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ვერ დაასახელებს, კონკრეტულად ვინ არიან საქართველოში ოლიგარქები. ამის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.
"თქვენ სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გაქვთ გაკეთებული, დეოლიგარქიზაციას არ უჭერენ მხარს პოლიტიკოსები. არადა, 80 მილიონზე მეტის მქონე ადამიანს ეს კანონი ოლიგარქად გამოაცხადებს და მედიის და პარტიის დაფინანსებას აუკრძალავსო. მინდა გკითხოთ, არსებობენ საქართველოში ოლიგარქები დღეს და თუ არსებობენ ვინ არიან ისინი?“, – ჰკითხა „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გაფრინდაშვილს.
აღნიშნული კითხვის საპასუხოდ გაფრინდაშვილმა შემდეგი განაცხადა:
„არ ვიცნობ ამ საკითხს ისე კარგად, რომ გიპასუხოთ, ვინ არიან ოლიგარქები. მე არ მგონია, რომ ოლიგარქების სია არ არსებობდეს, პოლიტიკური ძალები, მით უმეტეს მმართველი პარტია, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ასეთი სია არსებობდეს. [...] მე მიმაჩნია, რომ ოლიგარქები ზოგადად პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ, მათი საქმე პოლიტიკა არაა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ოლიგარქების ფული პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს და პოლიტიკა უნდა აკეთოს ხალხმა და არა ფულიანმა ხალხმა“.


