Accentnews.ge
ომბუდსმენობის კანდიდატი: "გვარამიას შემთხვევა ძალიან პრობლემურია"

ომბუდსმენობის კანდიდატი: "გვარამიას შემთხვევა ძალიან პრობლემურია"

26/10/2022 13:48:09 პოლიტიკა

სახალხო დამცველობის კანდიდატი თინათინ ერქვანია აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე „ძალიან პრობლემურია“ და სახალხო დამცველის ადგილას, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა.

„ნიკა გვარამიას შემთხვევას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ კერძო ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენება, ჩემი აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებული არ უნდა იყოს, მაგრამ არის გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსშიც და ევროპის სისხლის სამართლის კოდექსებშიც“, – განაცხადა ერქვანიამ „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე პასუხად და დასძინა, „მე, სახალხო დამცველის ადგილას, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანდი საჩივარს და, ასევე, მოსამართლის ადგილასაც“.

მისი თქმით, „თვითონ დანაშაული სამართლებრივად აწყობილია ისე, რომ ის ჩემთვის კრიმინალი არ არის. ნიკა გვარამის შემთხვევა ძალიან პრობლემური მგონია, როგორც იურისტს“.

ამასთან, მან ექს–პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილზეც ჰკითხეს. საპარლამენტო მოსმენისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, ერქვანიამ განაცხადა:

„ძალიან რთულია მმართველობის იმ პერიოდზე მსჯელობა, რაც მაშინ იყო საქართველოში… 2010 წელს ვმუშაობდი განათლების სამინისტროში და უშუალოდ აღმოვჩნდი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. დანაშაულთა შემადგენლობა, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილი ბრალდებულია, რაღაცნაირად, განსაზღვრულობის კონტექსტში, პრინციპში, პრობლემური შეიძლება იყოს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე ერქვანიამ დააზუსტა სიტყვა „პოლიტპატიმრის“ მნიშვნელობა და თქვა, რომ „ეს უფრო პოლიტიკური კონტექსტია, ვიდრე სამართლებრივი“; ეს არის „პოლიტიკურ-სამართლებრივი ტერმინი და მკაფიო კრიტერიუმები ამის განსასაზღვრად, თუ ვინ არის და როგორ აღიწერება, არაერთგვაროვანია“.

„გავრცლებული დეფინიციით, ეს არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკური მიზნებით (დომინირებს პოლიტიკური ნიშნული) არის მსჯავრდებული ან ბრალდებული. თუ გადავხედავთ დანაშაულებს, რომლის ფარგლებშიც მას დაედო მსჯავრი და განიხილება პოლიტპატიმრად ან არ განიხილება ასეთად, მე კითხვის ნიშნები მიჩნდება. მაგალითად, პიჯაკების საქმეზე“, – განაცხადა მან.

ღუდუშაურის დამაზუსტებელ კითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე სააკაშვილის „პოლიტპატიმრობასთან“ დაკავშირებით, ერქვანიამ განაცხადა:

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მე რომ ვიყო ბატონი მიხეილ სააკაშვილის ადგილას, მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ჩამოვცილდებოდი პოლიტიკურ პროცესებს დიდი ხნის განმავლობაში, ან შესაძლოა საერთოდ, ან შეიძლება არც. ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მან.

ერქვანიამ ასევე თქვა, რომ სააკაშვილს რამდენიმე ბრალდება და მსჯავრი აქვს და შეფასებები განსხვავებულია:

„მაგალითად, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების სტანდარტი – აქ პრეზიდენტი ფლობს აბსოლუტურ პრეროგატივას, ვის შეიწყალებს და ვის არა. შესაბამისად, სამართლებრივად, ამ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ჩართვა სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულებისა პრობლემური მგონია. თუ მხოლოდ ამ შემთხვევას ავიღებთ, ჩემთვის პოლიტპატიმარია“.

ერქვანიამ ასევე თქვა, რომ „არის თუ არა ბატონი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, ძალიან პოლიტიკური კითხვაა. თუკი სტრასბურგის სასამართლოს ვენდობით, რატომ არ ვენდობით [ევროსაბჭოს საპარლამენტო] ასამბლეას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ის არის პოლიტპატიმარი?! თუ ის არ არის პოლიტპატიმარი, მაშინ რა მოხდა ასამბლეაზე?! ძალიან რთული კითხვაა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S