ორბანი: "გვსურს, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით"
27/10/2022 09:44:08 პოლიტიკა
გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრებზე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა, ვაცნობო უნგრულ საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალ წელს, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის“,- განაცხადა ორბანმა.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა მომავალ წელს საქართველოში ვიზიტი დააანონსა.
"მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს და მე, მომავალ წელს გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა საქართველოში. ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ ვიდრე რამე სხვა დაიგეგმება, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის მთავრობის და საზოგადოების სახელით“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.


