ორბანი: "უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა"
27/10/2022 09:48:55 პოლიტიკა
უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ორბანის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს ბევრი რამ აკავშირებთ.
„მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დელეგაციის ვიზიტს. მინდა, ვთქვა, რომ უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება, პრინციპში ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია. ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი, საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს აქვს. არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ქვეყანას გააჩნია მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან გეოპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ, უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, – განაცხადა ორბანმა.


