ღარიბაშვილი – ორბანს: "ვაფასებთ თქვენს შეფასებას, რომელიც უკავშირდება ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას"
27/10/2022 10:21:55 პოლიტიკა
"ვაფასებთ თქვენს შეფასებას, რომელიც უკავშირდება ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას", – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებას "დისკრიმინაციული გადაწყვეტილება" უწოდა.
ღარიბაშვილმა ორბანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა ვთქვა, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე ნატო-ს წევრი. ჩვენ არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ასე ვთქვათ, ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში. მაგალითად, თქვენ კარგად იცით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატო-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს:
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც განისაზღვრა ევროკომისიის მიერ. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. იქნებოდა არასამთავრობო სექტორი, თუ ოპოზიციური პარტიები, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ სტატუსი. ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დღეს, და ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. აქვე, მინდა, აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს“.


