ოხანაშვილი: "ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს"
27/10/2022 13:01:22 პოლიტიკა
„ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს“ – ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიტიკოსების ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას შეთავაზებას.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მთავარია, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას", სატელევიზიო ეთერებში შეხვედრასა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარვეზების განხილვას სთავაზობენ.


