27-10-2022 18:30:38 ანალიზი
ვიდრე პროცესზე დამკვირვებლები ბირთვულ შეთანხმებას და ირანისთვის სანქციების მოხსნისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ელოდნენ, თეირანმა ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მიუხედავად მტკიცებულებებისა, ქვეყნის ოფიციალური პირები ამ დრომდე ჯიუტად უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს. ამასთან, საუბარია ინსტრუქტორების გაგზავნასა და ბალისტიკურ რაკეტების გადაცემის შესახებ დაპირებაზეც. როგორც მედია ამერიკულ და უკრაინულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონში ჩასული ინსტრუქტორები არა მხოლოდ ასწავლიან რუს სამხედროებს Shahed-136–ის გამოყენებას, „უშუალოდ ადევნებენ თვალყურს დრონების გაშვებას უკრაინის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ნიკოლაევსა და ოდესაზე დარტყმების ჩათვლით“. ოფიციალური პირები ამ საკითხზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ The Jerusalem Post რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ უკრაინაში გაგზავნილ ირანელ ინსტრუქტორთაგან 10–მდე უკვე დაიღუპა გასული კვირის განმავლობაში.
ხსენებული გარემოებები თეირანს უკრაინის სასტიკ ომში მოსკოვის თანამზრახველად აქცევს, მაგრამ რას ელის ის სანაცვლოდ იმგვარს, რომ კრემლთან ერთ კალათში აღმოჩენად უღირდეს? რაზე დებს „ფსონს“?
აზერბაიჯანელი დეპუტატი, პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვიც ფიქრობს, რომ ირანს ჰქონდა შანსი, დასავლეთთან ურთიერთობები მოეწესრიგებინა, თუმცა მან სხვა გზა არჩია:
„ნაცვლად იმისა, რომ ისარგებლოს შანსით, დაალაგოს ურთიერთობები დასავლეთთან და ამ ბირთვული პროგრამის თემა დახუროს, ირკვევა, რომ ირანს სურს,ერთის მხრივ, გათავისუფლდეს სანქციებისგან, მაგრამ იმავდროულად, თავისი ბირთვული პროგრამა განახორციელოს. იგრძნობა, რომ აქ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. მეტიც, ამბობენ, „თქვენ გჭირდებათ ირანული ნავთობი, მოხსენით სანქციებიო!“. ასე არ გამოდის. ირანს ნამდვილად აქვს სახელმწიფოებრიობის 2 500 წლოვანი ტრადიცია, საკუთარ თავს დიდ დიპლომატებად თვლიან, მაგრამ რეალურად მათ ქცევას პროვინციული ცბიერების გამოვლინება ახასიათებს! ეს დრონები ყველას თვალწინ დაფრინავენ, ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, ისინი კი ურცხვად, პირდაპირ თვალებში გიყურებენ და ტყუიან, „ჩვენ არაფერს ვაწვდითო“,– ამბობს პოლიტოლოგი და დასძენს, რომ თეირანი მსგავსი ტაქტიკით გეგმავს საკუთარი პოლიტიკის გაგრძელებას.
ირანელი ექსპერტი, ჯეიმს თაუნის ფონდის ანალიტიკოსი რუსეთის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და პოლიტიკური ისლამის საკითხებში რაჰიმ რაჰიმოვი კი „აქცენტთან“ ამბობს, რომ “ირანს მთელი რიგი მოტივაციები აქვს, რათა გაგზავნოს დრონები და სამხედრო მრჩევლები რუსული არმიის მხარდასაჭერად” და საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად რამდენიმე არგუმენტს იშველიებს:
„ამასთან, ირანი კვლავ ძალიან განრისხებულია 2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის მეორე ომის შედეგების გამო. თურქულმა "Bayraktar"–ებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბრძოლის ველზე აზერბაიჯანის გამარჯვებაში. მათი ეფექტურობა სირიასა და ლიბიაშიც დადასტურდა. თეირანი და ანკარა ეჯიბრებიან ერთმანეთს სამხრეთ კავკასიაში, სირიაში და სხვაგან. ამ კონტექსტში, უკრაინაში რეალური ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილება სასარგებლოა ირანისთვის, რათა გააუმჯობესოს თავისი დრონები, შესაბამისად, ემსახურება მის სტრატეგიას, რათა დაეწიოს და დაუპირისპირდეს თურქეთის წინსვლას უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში“, – უზიარებს „აქცენტს“ თავის დაკვირვებას ექსპერტი.
ის დაახლოებით ამავე, რეგიონულ კონტექსტში განიხილავს ახლახანს სომხეთში, კაპანში ირანის საკონსულოს გახსნას:
„ეს არის ირანის უკმაყოფილების გამოვლინება 2020 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებით და თეირანის პასუხი თურქეთის განზრახვაზე, გახსნას თავისი საკონსულო აზერბაიჯანში, შუშაში. ირანის მიერ საკონსულოს სასწრაფო წესით გახსნა ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენობაში მიზნად ისახავდა აზერბაიჯანის გაფრთხილებას სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო ხაზების გახსნის თაობაზე, რომელიც ცნობილია როგორც ზანგეზურის დერეფანი [საუბარია დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავთან – ნახჭევანთან აკავშირებს და რომელიც სომხურ რეგიონზე გადის – რედ.]".
გარდა ამისა, ექსპერტი ისრაელის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ისრაელს, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი დრონებითა და ელექტრონული ომის ტექნოლოგიით, ირანი აღიქვამს მთავარ მტრად. სხვათა შორის, ისრაელის დახვეწილი დრონები აზერბაიჯანმა ასევე ეფექტურად გამოიყენა ყარაბაღის მეორე ომის დროს 2020 წელს და 2016 წლის აპრილის ომის დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, უკრაინაში ირანული დრონების ჩართულობა, ისრაელისთვის ერთგვარ „კუნთების“ ჩვენებად შეიძლება, ჩაითვალოს“.
სანაცვლოდ რას ელის ირანი?
რაც შეეხება ირანის მოლოდინებს მოსკოვის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, ექსპერტი ამბობს, რომ ეს განპირობებულია თეირანის მოლოდინებით თავად ომისგან და არა რუსეთისგან:
„ირანში მაჰსა ამინის სიკვდილით [22 წლის ქალი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გარდაცვალა, რასაც მასშტაბური აქციები მოჰყვა ქვეყანაში]. გამოწვეული ბოლო საპროტესტო აქციები კარგ კონტექსტს გვთავაზობს ამ არგუმენტის შემდგომი ჩამოყალიბებისთვის: თეირანი ლიბერალურ ღირებულებებს თითქმის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. თუ დასავლეთის მოკავშირე უკრაინა წარმატებას მიაღწევს ომში, ეს ნიშნავს, რომ ეს ღირებულებები ან ეს „ეგზისტენციალური საფრთხე“ კიდევ უფრო მიუახლოვდება ირანს. აქედან გამომდინარე, რუსეთის გამარჯვება, რომელმაც თავი გამოაცხადა „ტრადიციული ღირებულებების“ მხარდამჭერად და დასავლური ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის ბასტიონად, თეირანში დადებითად იქნება მიღებული“.
მაგრამ ამ ომში რუსეთის გამარჯვებას, განსაკუთრებით, უკრაინის შეიარაღებული არმიის წარმატებული კონტრშეტევების ფონზე, ბევრი სამხედრო ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს, მით უფრო, იმ ფონზე, რომ კიევს გვერდში დასავლეთი უდგას და ამ ეტაპზე არ ჩანს ნიშნები ამ პოზიციის ცვლილებისა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი აღნიშნავს, რომ „დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მართლაც უზარმაზარია, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან შედარებით. თუმცა ეს საკმარისი არ არის":
"გამარჯვების" ან "წაგების" კონცეფცია საკმაოდ ფარდობითი და პირობითია, რადგან ორივე მათგანს შეიძლება, ჰქონდეს მრავალი ვერსია ბევრი კონფიგურაციით. თუმცა, ირანის შეხედულება გამარჯვებასა თუ დამარცხებაზე კიდევ უფრო კომპლექსურია: მაგალითად, მსოფლიოში ენერგორესურსების ფასების ზრდა ირანისთვის, რომლის ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული ენერგიის ექსპორტზე, შეიძლება, აღიქმებოდეს, როგორც რუსეთის გამარჯვება. გარდა ამისა, სახელმწიფოები აყალიბებენ თავიანთ საგარეო პოლიტიკას და პოზიციებს ეროვნული ინტერესებიდან და საფრთხეების აღქმიდან და არა მხოლოდ „გამარჯვებულ-დამარცხებულის“ პარადიგმის პრიზმიდან გამომდინარე. ამ მხრივ გამონაკლისი არც ირანია. სხვათა შორის, ირანი და საფრანგეთი გამოხატულად სომხეთის მხარეს არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 2020 წლის ომში აზერბაიჯანთან დამარცხდა“.