დეგნანი – აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე: "ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს"
28/10/2022 08:36:08 პოლიტიკა
"ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს", – ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ეს კომპლექსური პროცესია და თარიღი ალბათ, დროის ფაქტორია".
"რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს გახლავთ აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა და ამ საკითხის წამოჭრა მათთან ურთიერთობაში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. როგორც მახსოვს 2018 წელს ასევე ჩატარდა კვლევა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესწავლა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს კომპლექსური პროცესია და თარიღი ალბათ დროის ფაქტორია. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და ამ შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის წარმომადგენელთან, რომ ღირს ამ საკითხზე მუშაობა და ესეც იქნებოდა კიდევ უფრო დამაკავშირებელი ხიდი აშშ–სა და საქართველოს შორის. ზოგადად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ გზები, რომ გაფართოვდეს ჩვენი ურთიერთობა, გაფართოვდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და მოვიზიდოთ უფრო მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და პირიქით უფრო მეტი ქართული ბიზნესი ამერიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის", – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: "აქცენტი" აღნიშნული საკითხით არაერთხელ დაინტერესდა. სააგენტომ შესაბამისი კითხვით სახელმწიფო დეპარტამენტს მიმდინარე წლის მარტშიც მიმართა. უწყებამ "აქცენტს" განუცხადა, რომ "ამ დროისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ჩვენს შიდა ეკონომიკის გაძლიერებაზეა ორიენტირებული".
"აშშ ცდილობს, გამოავლინოს შესაძლებლობები, როგორც ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად, ისე ორივე ქვეყნისთვის, ივაჭრონ ერთმანეთთან საქონლითა და მომსახურებით. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებასა და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას. "პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს შეუძლია, შეერთებულ შტატებში მრავალი დასახელების პროდუქტის ექსპორტი უბაჟოდ განახორციელოს. ამ დროისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია, სანამ რაიმე ახალ სავაჭრო გარიგებას დადებს, ამერიკელ მუშახელში ინვესტიციების ჩადებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გზით, ჩვენი შიდა ეკონომიკის გაძლიერებაზე რჩება ორიენტირებული"- განუცხადა "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა და დასძინა:
"სახელმწიფო დეპარტამენტი, კონკრეტული მექანიზმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან (USTR), რათა საუკეთესოდ განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს USTR [ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი] ხელმძღვანელობს".
- 2012 წლიდან შეერთებული შტატები და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას პერიოდულად განიხილავენ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ღონისძიებებს ითვალისწინებს.
დღეს საქართველოს აშშ-თან ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმი აქვს - GSP (Generalized System of Preferences - პრეფერენციების განზოგადებული სისტემა). აღნიშნული რეჟიმი 3 ათასზე მეტი დასახელების ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ GSP (Generalized System of Preferences - პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) რეჟიმი მუდმივმოქმედი არ არის და პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება. მასთან შედარებით, თავისუფალ ვაჭრობას ის უპირატესობა აქვს, რომ თითქმის ყველა დასახელების საქონელს შეეხება. გარდა ამისა, ეს რეჟიმი მუდმივმოქმედია, რაც ინვესტორებისთვის სტაბილურობის გარანტიას ქმნის.


