შვიდი ორგანიზაცია დეპუტატებს მოუწოდებს, თინათინ ერქვანიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ
28/10/2022 15:32:19 პოლიტიკა
სახალხო დამცველობის კანდიდატის თინათინ ერქვანიას მიერ საქართველოს პარლამენტის წევრების კითხვებზე გაცემულ პასუხებს ეხმაურებიან საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ არადომინანტური ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართ თინათინ ერქვანიას პრობლემური და არამგრძნობიარე დამოკიდებულებების გამო, მას მხარი არ დაუჭირონ.
„2022 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატი, თინათინ ერქვანია პასუხობდა საქართველოს პარლამენტის წევრების კითხვებს, რა დროსაც, მან არა ერთხელ გააჟღერა პრობლემური, არასენსიტიური და რიგ შემთხვევებში სიძულვილის ენის შემცველი მოსაზრებები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრის ტარიელ ნაკაიძის კითხვაზე ბათუმში თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, ქალბატონმა თინათინმა მინიშნება გააკეთა პანთურქიზმზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, მაშინ როცა თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხის წამოწყება, ორგანიზება და დაფინანსება იყო და არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მუსლიმი თემის შრომის შედეგი. აღნიშნული საკითხის მსგავსი ფორმულირება შეურაცხმყოფელია ქართველი მუსლიმებისთვის და გვაკარგვინებს ნდობას ქალბატონი ერქვანიას მიმართ. ამასთანავე, პრობლემური იყო მისი პასუხები ბატონი ტარიელ ნაკაიძის კითხვებზე, როცა უპირველეს ყოვლისა მან მინიშნება გააკეთა ბატონი ტარიელის თურქული ენის ცოდნაზე ნეგატიურად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეორე მხრივ, განცხადების ავტორები მიუთითებენ, რომ თინათინ ერქვანიამ დეპუტატ ლევან იოსელიანის კითხვაზე, რომელიც საქართველოში ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს შეეხებოდა, განაცხადა, რომ, მისი აზრით, „საქართველოში ეს საკითხი დაკავშირებულია ისლამურ სამყაროსთან ახლოს მყოფ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოსთან (სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ), პანკისთან და აჭარასთან. ქალბატონმა ერქვანიამ განაცხადა, რომ ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს სოციალური ეთიკის და მენტალობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მან დააზუსტა, რომ რელიგიით არ ხსნიდა საკითხს, სინამდვილეში მან სწორედ რელიგიური ნიშნით მონიშნა ეს რეგიონები და გამოყენებულმა დათქმამ მისი მოსაზრების მძიმე ისლამოფობიური შინაარსი ვერ შეცვალა. ბოლო წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკა, თუ გახმაურებული საქმეები არ გვაძლევს ფემიციდის შემთხვევების მხოლოდ ამ რეგიონთან დაკავშირების თუ კორელაციის შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ ქალბატონი თინათინის აღნიშნულ პასუხში აშკარად იკითხება ისლამოფობია და კონკრეტული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების რასიალიზების ფაქტი, რაც შეუსაბამოა სახალხო დამცველის მანდატთან და სუბსტანციურ პრინციპებთან“.
საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები იმასაც აღნიშნავენ, რომ ერქვანიას გამოსვლაში იკითხებოდა მისი კარგი თეორიული ცოდნაც რელიგიის, სეკულარიზმის და ადამიანის უფლებების საკითხებზე. განცხადების ავტორთა აზრით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი კრიტიკული პოზიცია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიმართ და დასაფასებელია მისი მოსაზრება აღნიშნული სააგენტოს გაუქმების შესახებ.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გარიყულობის, ხმაწართმეულობის და სისტემური დისკრიმინაციის პირობებში, მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველი არის ის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც პროაქტიულად იმუშავებდა არადომინანტური ჯგუფების საჭიროებებისთვის.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი უნდა იყოს გამორჩეული, როგორც არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხების ცოდნით, ასევე, ამ ჯგუფების უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხების მიმართ მაღალი სენსიტიურობით“.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ თინათინ ერქვანიას კანდიდატურას და არ დანიშნონ ის სახალხო დამცველად.
„გვრჩება განცდა, რომ ქალბატონი თინათინის სახალხო დამცველად დანიშვნა, დაასუსტებს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში და წაგვართმევს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ და კონსტიტუციურ მექანიზმს უმცირესობების დისკრიმინაციის, გარიყვის და ჩაგვრის წინააღმდეგ მუშაობის პროცესში.
ამასთან, ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას შევხვდეთ ქალბატონ თინათინ ერქვანიას და ვესაუბროთ ჩვენი კრიტიკისა და მისი პრობლემური ხედვების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
· "სოლიდარობის პლატფორმა";
· პლატფორმა "სალამი";
· "სოლიდარობის თემი";
· "სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი" (CEAC);
· "სოლიდარობის მუზეუმი";
· "იორმუღანლოს სათემო ცენტრი";
· "ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის".
რაც შეეხება თინათინ ერქვანიას განცხადებებს, მან კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის შეკითხვას - არის თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის შეზღუდვა რელიგიური უმცირესობის უფლების დარღვევა? - უპასუხა: „ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს. ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი, სად აშენდება. იმიტომ, რომ არის ქალაქში რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები".
ნაკაიძემ შეკითხვა დააზუსტა: „ორი ინსტანციის სასამართლო ჩატარდა და ორივემ დაადგინა, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მერიის მხრიდან და გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მერიამ. სტრატეგიულ შენობებთან არ არის დაკავშირებული".
ერქვანიამ დეპუტატს უპასუხა: „ბათუმი, აჭარა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია საქართველოსთვის და იქ ახლოს არის თურქეთი, იქ - აზერბაიჯანი. აქტუალურია პანთურქისტული რაღაც ტენდენციები, სამწუხაროდ, თურქეთში. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა.
თუ სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, ვეთანხმები. იმიტომ რომ მეჩეთის მშენებლობა არ მგონია, პრობლემატური იყოს, სადაც ბევრი მუსულმანია, მაგრამ გააჩნია სად შენდება“ [სტილი დაცულია].
ლევან იოსელიანის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ფემიციდის შესამცირებლად გასატარებელ ზომებს, თინათინ ერქვანიამ ასეთი პასუხი გასცა:
„ფემიციდი, ცხადია, ძალიან დიდი პრობლემაა. მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში და საერთოდ ჩვენს რეგიონში, პრობლემატურია. არის სოციალური პრაქტიკის პრობლემა. რაღაცნაირად გაუნათლებლობის პრობლემაც არის ეს. ძალიან მიხარია, რომ ამ ბოლო დროს, მათ შორის არასამთავრობო სექტორმა და თვითონ სახელმწიფომ დაიწყო აქტიური კამპანია იმასთან დაკავშირებით, როგორ აღმოფხვრას ეს პრობლემები. საკანონმდებლო ჩარჩოს ასე დაწვრილებით რეგლამენტაციას რაც შეეხება, აქ ბოლო წლებია ვაკვირდები ამ პროცესს და საკმაოდ შეივსო ეს მიმართულება. საკმარისად არსებობს კანონმდებლობა ამ მიმართულებით. ჩვენ შეიძლება უსასრულოდ დავხვეწოთ ეს სამართლებრივი სივრცე და ამ შემთხვევაში შეიძლება იმაზე საუბარი, კიდევ უფრო რა ცვლილება შეიძლება შევიდეს კანონმდებლობაში, მაგალითად, დამამძიმებელი გარემოება მიზოგენია იყოს თუ არა“.
კანდიდატმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, აქტიურ სოციალურ კამპანიას აწარმოებს - რეგიონების უნივერსიტეტებში წააკითხებს და წაიკითხავს ლექციებს.
სახალხო დამცველის აპარატს რაც შეეხება, ერქვანიამ თქვა, რომ იქ არის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი და მასში სისხლის სამართლის მიმართულება უნდა გაძლიერდეს. „იქ რაღაც მონიტორინგი არის საწარმოებელი გახმაურებულ სისხლის სამართლის „კეისებზე“ და ა.შ. ამ მიმართულებით ხედვებიც მაქვს“, - დაამატა მან.
თინათინ ერქვანიამ ფემიციდის შესახებ საუბრისას საქართველოს ზოგიერთი მხარე გამოყო.
„ფემიციდს რაც შეეხება, ყველაზე მთავარი არის სოციალური ეთიკის პრობლემა და ამ თვალსაზრისით, უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, სადაც ახლოს არის ისლამური სამყარო, მათ შორის, დასავლეთით აჭარისკენ, მაგრამ, ძირითადად, მთელი პრობლემები აქეთ არის ხოლმე რატომღაც, როგორც ვაკვირდები. თუმცა პრობლემურია ისევ პანკისის ხეობა და ის ნაწილი საქართველოსი, სადაც უფრო.... აი, რელიგიას არ ვაბრალებ ამ ყველაფერს, ეს გამორიცხულია. ეს არის, უბრალოდ, აი, რაღაც მენტალობის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია“, - თქვა ერქვანიამ.
სახალხო დამცველობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ბოლო წლებია იხვეწება ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს არ არის ასი პროცენტი. მისი თქმით, რაღაც პროცენტული ნიშნული გადადის სოციალური ეთიკის სტანდარტზე.
თინათინ ერქვანია სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა“. ის არის GIPA-ს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
ბოლო დღეებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა.
სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.


