ღარიბაშვილი: "9 თვეში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10.2%-ია, რაც უპრეცედენტო ფაქტია მთელ ევროპაში"
31/10/2022 07:20:40 პოლიტიკა
ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.
„მინდა, შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2 % ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40 % –ით და ცხრა თვეში ზრდამ 37,4 % შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა ოთხი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5 % –ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი. არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


