ოპოზიციის მოთხოვნა თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა
31/10/2022 10:18:04 პოლიტიკა
ოპოზიციის მოთხოვნა თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო", სხდომაზე თბილისის მერ კახა კალაძის მისვლას მოითხოვდნენ.
"ფაქტი, რომ დღეს აქ არ არიან "ქართული ოცნების", უმრავლესობის წევრები, მეტყველებს იმაზე, რომ ეს საკრებულო გადაქცეულია ბუტაფორიად, რომ აღარ არის დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო და ის არის გადაქცეული კახა კალაძის ერთ რგოლად, რომელიც დაკავებულია იმით, რომ გაამყაროს კახა კალაძის ნეპოტისტური მავნებლობის მმართველობა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
"ლელოს" წარმომადგენელმა საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ მერის მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, რომლებიც ეხება ქალაქში ტრაგიკული შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს:
"ეს დუმილი არის პასუხი ყველა იმ თბილისელის მიმართ, რომელსაც ეშინია საკუთარი ბავშვების გარეთ გამოშვების იმიტომ, რომ მერია ვერ ახორციელებს პროექტებს ისე, რომ ჰქონდეს საზოგადოების ნდობა".
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ არ არსებობს რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება:
"ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც აქტიურ ფაზაშია გამოძიება, არ არსებობს პრობლემა პასუხის გაცემის, მიგვაჩნია, რომ ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტის შემოტანა არ იქნება სწორი".
მას შემდეგ, რაც "ვაკის პარკში" 13 ოქტომბერს განახლებული შადრევნის გახსნის მეორე დღეს, სამ ბავშვს დენმა დაარტყა, რომელთაგან ერთი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, ოპოზიციური პარტიები თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამის გამო გადაწყვიტეს მათ თბილისის საკრებულოში კახა კალაძის დაბარება.


