
ISW-ის ექსპერტებმა განმარტეს, რამ გამოიწვია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის რიტორიკის ცვლილება
01/11/2022 07:03:44 ევროპა
რუსეთმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშრებით რიტორიკა შეცვალა,– აღნიშნავენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები.
„რუსმა ოფიციალურმა პირებმა კვლავ შეცვალეს აზრი უკრაინული ძალების მიერ კახოვკას კაშხლის განადგურების რისკზე, გასცეს ბრძანება იმ ტერიტორიების ევაკუაციის შესახებ, რომლებიც შეიძლება, დატბორილიყო. არ არსებობს სცენარი, რომლითაც უკრაინა ისარგებლებს კაშხლის განადგურებით და ეს რიტორიკა, სავარაუდოდ, დააჩქარებს ევაკუაციას და უზრუნველყოფს ინფორმაციულ საფარს რუსების გასვლის დასავლეთ სანაპიროდან“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ISW ასევე მიუთითებს, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკანდახევას დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქმნიან პირობებს ხერსონის გარშემო პოზიციური ბრძოლისთვის.
ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ სალდომ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აფართოებს ევაკუაციის ზონას მდინარე დნეპრიდან 15 კილომეტრით და დასძინა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ემზადება „მასიური სარაკეტო შეტევისთვის” კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რაც, მისი თქმით, გამოიწვევს ფართო დატბორვას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. მანამდე, 26 ოქტომბერს სალდომ თქვა, რომ კაშხლის განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და გარღვევის შემთხვევაშიც კი დნეპერში წყლის დონე მხოლოდ 2 მეტრით მოიმატებდა.
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა მოუწოდა ხერსონის მაცხოვრებლებს, უგულებელყონ რუსი დამპყრობლების მოთხოვნები "დატოვონ ქალაქი და გადავიდნენ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე". უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ქმედებებს "იძულებით დეპორტაციას" უწოდებს.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსი სამხედროები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას წინასწარ გეგმავდნენ. კიევის ინფორმაციით, ძირითადი სამთო სამუშაოები აპრილში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა იქ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა.
კაშხალი აკავშირებს ხერსონის რეგიონის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს და უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აკავებს დაახლოებით, თვრამეტ მილიონ კუბურ მეტრ წყალს. ზელენსკიმ თქვა, რომ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, მოხვდება წყალდიდობის ზონაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება, დაზარალდეს.