"თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისი ჩატარდება, ყველა ნომინირებულ პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს"
01/11/2022 09:44:42 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერისი ჩატარდება ყველა ნომინირებულ პოზიციაზე “ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებს.
მისი თქმით, მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას.
როგორც მელია ამბობს, ახლა დროა, პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ითანამშრომლონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ ადასტურებდა, რომ იგი მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიტურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ქვეყანაში და უპირისპირდება ოლიგარქიულ მმართველობას. მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ახლაც გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს. თანამშრომლობა იქნება ყველა იმ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც სურს ნორმალური საარჩევნო გარემო, დემოკრატიული და თავისუფალი“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან, მისი თქმით, პრაიმერის ჩატარებით, „ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება“.
„რაც შეეხება, კონკრეტულ პრაიმერისს, თუ კი დღეს ვინმეს აწყობს პრაიმერისი, თუ კი ვინმეს დღეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, პრაქტიკულად ყველა ტიპის კონკურენციაში, ის გაიმარჯვებს მარტივი მიზეზების გამო და ახლა ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მოემსახურება ეს საერთო მიზანს? ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული სვლა? - ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაიფანტება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ პარტიებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ეს პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობაში” ჩამოყალიბებულია, მოვიპოვოთ სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო გარემო და მერე ყველა ოპოზიციური პარტია ინდივიდუალურად გაძლიერდეს და მით უფრო, თუ ჩვენ საუბრობთ მომავალ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. პროპორციული სარჩევნო სისტემა პრაქტიკულად იყო რგოლის ოცნება, რაზეც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველა თაობა პოლიტიკური ოპოზიციური წარმომადგენელი საუბრობდა. დღეს, ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში პროპორციული არჩევნები გვქონდეს. ვფიქრობ, მთელი ძალ-ღონე და ენერგია ამ მიმართულებით უნდა მოაგროვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, განსაკუთრებით შედარებით მცირე მოცულობის ოპოზიციურმა პარტიებმა, ვიდრე ეს არის ,,ნაციონალურმა მოძრაობა”.
ჩემთვის გაერთიანება და თანამშრომლობა ორი სხვადასხვა ცნებაა და თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემთვის თანამშრომლობა ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე თუნდაც ხელოვნური ტიპის გაერთიანება. ამ აზრისთვის, ჩვენ შარშან და შარშანწინ პრაიმერის წესით, რომ შეგვერჩია მაჟორიტარობის კანდიდატები ყველგან ,,ნაციონალური მოძრაობა” გაიმარჯვებდა, ეს ხომ ვიცოდით, ამიტომ ჯენტლმენურად, კოლეგიალურად დავსხედით და გავაკეთეთ სამართლიანი ჟესტი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ. გარკვეულ ადგილებში ამან გაამართლა და გარკვეულ ადგილებში ამან არ გაამართლა. ჩვენ რისთვის გვინდა მსგავსი პროექტის და გეგმის განხორციელება? - ჩვენ გვინდა ხელისუფლება შევიყვანოთ ჩიხში, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიყვანოთ. მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას”, - განაცხადა მელიამ.


