"პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება ევროკავშირის მოთხოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა"
02/11/2022 07:33:05 პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას შეწყალება ევროკავშირის მოთხოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა ჩვენს ევროპულ მომავალს.
"ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იქნება შემაფერხებელი ფაქტორი ევროინტეგრაციის მიმართულებით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება არის ერთ–ერთი მთავრი მოთხოვნა და გვახსოვს ყველას, რომ გვარამიას დაპატიმრებამ გამოწვია ევროპარლამენტის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღება, რომელიც მიეძღვნა სწორედ მედიის თემას და ფაქტობრივად, ამ რეზოლუციამ შექმნა გარემო, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ დასრულდა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით. ამიტომ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ დღეს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა ჩვენს ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, რომ აქ ალბათ, უკვე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს ეს არის, რომ პრეზიდეტმა გამოიყენოს შეწყალების უფლება, რომელიც მისთვის კონსტიტუციით არის მინიჭებული. მიმაჩნია, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენება დღეს პრეზიდენტის მიერ იქნებოდა სწორედ ევროკავშირის მოთხოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი", –აცხადებს სამადაშვილი.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.


