Accentnews.ge
"ოცნების" რეაქცია გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე:  "პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით სერიოზული დაფიქრება მართებს"

"ოცნების" რეაქცია გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე:  "პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით სერიოზული დაფიქრება მართებს"

02/11/2022 10:04:35 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების ფაქტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "არამარტო გვარამიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით სერიოზული დაფიქრება მართებს".

"რაც შეეხება შეწყალებას, ეს ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული პირის უფლებაა, რომ გამოიყენოს და ისარგებლოს მიმართვის უფლებით, რამდენად გაუკეთებს რეალიზებას ამ უფლებას პრეზიდენტი, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალების უფლების რეალიზება გვინახავს. ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს არამარტო გვარამიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით მართებს ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ინტრიგების ხლართვა უადგილოა":

"ვფიქრობ, როცა დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნება და მხარეებს ჩაბარდება, პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნებათ. თუ ვინმეს არ მოწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, აქვთ საშუალება, არ დაეთანხმონ და გაასაჩივრონ. სპეკულაცია და ინტრიგების ხლართვა მგონია, რომ აქ უადგილოა და ცუდად წარმოაჩენს ნებისმიერ მხარეს, ვინც ჩათვლის, რომ პოლიტიკურ ინსინუაციებს აქვს ადგილი.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა გვარამიას საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ "რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა":

"ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა. ეს იყო ტელეკომპანია "იმედის" დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით".

მმართველი პარტიის გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს.

"ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი და გამიჭირდება დეტალებში შესვლა. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს. ამ „ქეისზე“ გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არავის ციხეში ყოფნა და წასვლა არ მიხარია, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი ასეა. თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს“,- აღნიშნავს კალაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "საქართველოს პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან".

„თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S