ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობა ფართოვდება
02/11/2022 11:41:23 პოლიტიკა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობა ფართოვდება და მას მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება.
საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს, 2 ნოემბერს, განიხილეს.
როგორც ინიციატივის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიმართულებებს ფარავს.
მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩართულია შიდა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში და ერთადერთი გარე უწყებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი არაა.
„ეს ცვლილება იქნება ორმხრივი სარგებელი, თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს. ამავდროულად, საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ბუტაფორიულია და არაფერს შეცვლის, გარდა კონკრეტული თანამდებობის პირის პირადი ინტერესისა:
„იმ დროს, როცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრინციპულად არ იკრიბება, მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ ომისა და საოკუპაციო ხაზზე გართულებული ვითარებისა და მოქალაქეების გატაცებისა, მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განახლება სტრატეგიული დოკუმენტებით, ეს ყველაფერი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პირების ინტერესს და სხვა არაფერს“.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. საბჭო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად შექმნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანოა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს სხდომა ბოლოს 2021 წლის 13 დეკემბერს გაიმართა.


