Accentnews.ge
პარლამენტმა l მოსმენით მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას

პარლამენტმა l მოსმენით მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას

02/11/2022 15:41:15 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს.

კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც ცვლილებების წარდგენისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება.

კანონპროექტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. იგი ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ექნება დამოუკიდებლობის მაღალი მანდატი და იგი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით მოხდება. კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

ცვლილებები გააკრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციამ. მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური და შედეგიანი არ გახდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S