იუკნევიჩიენე: "პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს"
02/11/2022 19:00:01 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს".
“დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ნიკა დაახლოებით, 4 წლის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება. მკაცრად ვგმობ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის საქართველოს სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას. ღარიბაშვილის მთავრობის კრიტიკოსების მიმართ ასეთი სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას რისკის ქვეშ აყენებს. ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ქმედებები ქართველი ხალხის სურვილს ეწინააღმდეგება”, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის: "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.


