აშშ–ის ელჩი: "ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს"
03/11/2022 13:17:31 პოლიტიკა
"ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს", - ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "მთავარი არხი" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, დიდ შეშფოთებას იწვევს.
„ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადებები. ყველაფერი რაც აშშ–მა ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში გააკეთა, მიმართული იყო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მომავლის თაობაზე ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად.
მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის ამ მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზირების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.
საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, მისცეს ქართველ ხალხს პირობა საპარლამენტო არჩევნებში, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და რისკის ქვეშ აყენებს ამას, დიდ შეშფოთებას იწვევს.
აშშ-ში ვიცავთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს ძლიერი დემოკრატია, მას სურს ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ეს არის ის, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ და ეს არის ის, რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ. ჩვენ ნამდვილად გვწამს საქართველოს წარმატების და გვსურს, ვიხილოთ ეს ქვეყანა სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის: დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო.
აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ცნობისთვის: 2 ნოემბერს "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული თავისუფლების 3 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.


