ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენეტში გასაუბრებაზე არ მივა
04/11/2022 07:14:09 პოლიტიკა
სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა მისი თქმით, იგი საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის.
"თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი, თუმცა სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად, შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსებული სახალხო დამცველი. პირველი საკითხი ეხება იმ ახსნა-განმარტებების მოთხოვნას, რომელიც არის კანდიდატებთან მიმართებაში, წარსულში გამოთქმული მოსაზრებების და ხელისუფლებასთან მიმართებაში კრიტიკული მოსაზრებების გამო ხელისუფლებასთან მიმართებაში და ეს პროცესი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება იმას, რეალურად გასაუბრების საფუძველზე მოხდეს კანდიდატის შერჩევა და მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ, გადავწყვიტე არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა. მინდა განვმარტო, რომ კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა პარლამენტმა, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, არ ვაპირებ მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარი შოუ და სპექტაკლები იდგმება და გავცე მათ ახსნა-განმარტებებს პასუხი", - ამბობს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილთან გასაუბრება კომიტეტში დღეს იყო დაგეგმილი.
ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.
სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.


