ჯანაზეშვილი – ხვიჩიაზე: „პარლამენტის მოქმედ წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებენ“
04/11/2022 08:00:23 პოლიტიკა
ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ინტერესთა კონფლიქტით მიმდინარეობს, რადგან ერთ-ერთი კანდიდატი, პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია სხვა კანდიდატებს დეპუტატის მანდატით შეკითხვებს უსვამს.
„ამ პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის იღებს მონაწილეობას გასაუბრებაში და მისი გუნდი ასევე სვამს შეკთხვებს და, რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი, როდესაც დადგება კანდიდატის არჩევის დრო“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, ეს მიუღებელია:
"ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, რადგან აშკარაა, პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ერთის მხრივ, ის მონაწილეობდა სხვების გასაუბრებებში, სვამდა შეკითხვებს, ამავდროულად, მის გასაუბრებაში სრულიად განსხვავებულ რეჟმის გვთავაზობენ. ეს დამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი, უნდობლობას იწვევს და საზოგადოებაში აჩენს ეჭვს, რატომაა ორმაგი სტანდარტი პარლამენტის წევრსა და სხვა კანდიდატებთან მიმართებაში. მთელი გასაუბრების განმავლობაში პარლამენტის წევრები ცდილობდნენ, გაეგოთ, არის თუ არა კანდიდატი პოლიტიზებული. ვხედავთ, რომ ოფიციალურად პარლამენტის წევრი არის კანდიდატი და ამ საკითხს არ მიცემია შეფასება უმრავლესობის მხრიდან. ჩემთვის ეს არის მიუღებელი სტანდარტი“, – განაცხადა ჯანეზაშილმა.
ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ ხსნის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მისთვის დღეს უნდა მოესმინა. იგი სამოქალაქო სექტორმა წარადგინა კიდევ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან ერთად.
ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.
სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.


