მიხეილ სარჯველაძე: "ნაზი ჯანეზაშვილის გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია"
04/11/2022 10:24:19 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატის ნაზი ჯანეზაშვილის გადაწყვეტილება, გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ შეურაცხმყოფელია.
"საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არა კანდიდატურა მოხსნას არამედ გასაუბრებაზე არ გამოცხადება. მოქმედი რეგლამენტით, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება. ამის მიზანია არამხოლოდ დეპუტატების ინტერესების დაკმაყოფილება... მე მეჩვენება, რომ ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის..." -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა მასთან გასაუბრების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა კანდიდატურასაც არ მოხსნის.
"სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა... ეს პროცესი მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება, რეალურად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩიონ კანდიდატი. მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მისთვის დღეს უნდა მოესმინა. იგი სამოქალაქო სექტორმა წარადგინა კიდევ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან ერთად.
ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.
სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.


