„გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის, ახლა ამ სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა“
07/11/2022 12:21:10 პოლიტიკა
გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის, ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს, - განაცხადა ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი ხედვით, დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ თავადვე ირწმუნოს, რომ ამის ძალა შესწევს:
„მე ბევრს ვესაუბრე, მარცხენა თუ მარჯვენა სპექტრიდან. და როდესაც საქმე სტრატეგიულ მიზნებს, გრძელვადიან ხედვას შეეხება, ყველა, სრულიად ყველა ერთსა და იმავე აზრზეა.ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] ყველას გინდათ, მაგრამ, წლევანდელ ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭება და მომავალი წლის შეფასების პროცესი გვიკარნახებს, რომ ახლაა მოქმედების დრო და ეს შესაძლებელია, მიღწევადია. შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა - ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ, დრო, როდესაც სრულიად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთად უნდა იმუშაოს და „შედეგი დადოს“ ამ თორმეტ რეკომენდაციასთან მიმართებით.
მუშაობა მიდის - საქართველოს პარლამენტშია სამუშაო პროცესი. ჩვენი გზავნილი მმართველი პარტიისადმი ასეთია - იყავით ღია, იყავით გამჭვირვალენი, იყავით ინკლუზიურები - და ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოსაწვევის გაგზავნას ოპოზიციისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებასაც. ოპოზიციას კი მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროცესებში, იყვნენ კონსტრუქციულნი, საერთო სიკეთის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანონ. ახლა ერთად მუშაობის, პოლიტიკურ ნაპრალზე ხიდების გადების დროა“,– ამბობს პოლონელი დიპლომატი.
მისი თქმით, რეკომენდაციების შესასრულებლად განსაზღვრული დრო საკმარისია საქმისადმი სერიოზული მიდგომისთვის:
„ერთი წელია დარჩენილი, ერთი წელი დიდი დროა იმის დასამტკიცებლად, რომ საქმეს სერიოზულად უდგებით. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - უნიკალური მომენტის წინაშე დგახართ - ეს მიღწევადია. დაიჯერეთ ამის. ყველა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს გაკეთებადია, მიღწევადია. რა არის საჭირო ამისთვის? სერიოზულად მუშაობა, კონსტრუციულად მუშაობა, ყველას მხრიდან, რათა დაამტკიცოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად უდგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს. ერთი წელი დიდი დროა.
ქართველები საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ ამის გადალახვაში. რასაც მე გეტყვით, ეს უბრალოდ ელემენტარული საღი აზრია - საქართველო არაა ერთადერთი პოლარიზებული ქვეყანა, პოლარიზაცია ნორმალური დემოკრატიული სისტემის ნაწილია. შეხედეთ არჩევნებს ბრაზილიაში - ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ევროპისგან შორსაა. შეხედეთ შეერთებულ შტატებს, შეხედეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობას, ჩემი საკუთარი ქვეყნის ჩათვლით... ხშირად ღრმა დაპირისპირებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეს აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია. საქმე ისაა, რომ როდესაც საქმე მიდგება რიგ საკითხებზე, უმნიშვნელოვანეს თემებზე, ეროვნულ ინტერესებზე, მაშინ საჭირო ხდება, ეს უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და ერთად ვიმუშაოთ სასურველი შედეგის მისაღწევად. საქართველოსაც სწორედ ეს სჭირდება - და სჭირდება დღეს, ხვალ, შემდეგ კვირასა და შემდეგ თვეს. როგორც ვთქვით, ევროპული პერსპექტიცის მინიჭებით საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა გაიღო. მაგრამ ის ღიაა დღეს, და სულ ღია არ დარჩება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა, გადაწყვეტით უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს. თავად ქართველებმა უნდა აჩვენონ, რომ სერიოზულად არიან განწყობილნი“.


