რა შესწორებები შეიტანეს რიგმა ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში
07/11/2022 18:51:37 პოლიტიკა
8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული.
კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“.
„კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, - აღნიშნულია ტექსტში.
კიდევ ერთი შესწორება, რომლის ავტორია იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორებისადმი, „დააწესონ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ მის მიერ საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შესრულებული როლისთვის“.
იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული შესწორების თანახმად, "საჭიროა საჭიროებას, აღმოიფხვრას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა შესრულდეს, ვიდრე საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს"
"კომიტეტი კვლავ აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია ივანიშვილის მიერ შესრულებული როლით საქართველოს პოლიტიკაში, განსაკუთრებით მიმდინარე ტენდენციით, ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე წარადგინოს ახლო მოკავშირეები, რომელთა დახმარებითაც იგი ინარჩუნებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე კონტროლის მაღალ დონეს. ეს ეხება მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებს. ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, შესაბამისად, იმეორებს ევროკავშირის საბჭოსადმი და ტრანსატლანტიკური საბჭოსადმი მოწოდებას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც პირისთვის, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი არსებულ უკუსვლაზე დემოკრატიაში, მედიის თავისუფლებასა და რუსეთთან არაორაზროვან ურთიერთობაზე“, – ნათქვამია შესწორებაში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა“:
„ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“.
ამასთან, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ცვლილება მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო:
„კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეს, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“.
რამდენიმე შესწორება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა, პარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს.
„ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იქნას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.
ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორების, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრების სვენ მიქსერის და ნაჩო სანჩეს ამორის მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს:
"კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვას მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მკურნალობის მიზნით, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება".
ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში კი აღნიშნულია:
„[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“.
ამასთან, შესწორებების ნაწილი ეხება "მთავარი არხის" ნიკა გვარამიას პატიმრობას, მისი განაჩენის გადახედვას და გათავისუფლებას, ასევე მედიათავისუფლების უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, მირიამ ლექსმანის, რასა იუკნევიჩიანეს, მიხაელ გალერის, ანდრიუს კუბილიუსის, ვლდაიმირ ბილიჩიკის ავტორობით მომზადებული შესწორებაში „გამოხატულია წუხილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გადადებაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს გააუქმა პროექტის კონტრაქტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“.
„ღრმად არის შეშფოთებული „პანამას დოკუმენტებში“ მხილებული ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციებით ანაკლიის კონკურენტ ფოთის პორტის პროექტში და გადამწყვეტ პროექტებში პერსონალური ინტერესების გავლენის შედეგით, ისევე როგორც მთლიანობაში ინვესტორების ნდობით საქართველოსადმი“, – აღნიშნულია ტექსტში.


