სერგო ჩიხლაძე: "სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, გააკრიტიკოს „ქართული ოცნების" წვრილფეხობა, მაგრამ არაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ"
08/11/2022 09:49:27 პოლიტიკა
"სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, გააკრიტიკოს "ქართული ოცნების" წვრილფეხობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, რადგან მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისგან თანხმობა არ აქვს მიღებული.
"პრეზიდენტს არაერთხელ შეეძლო ამის გაკეთება, როგორც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი არაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. მან შეიძლება გააკრიტიკოს ვიღაცა კობახიძეები, ღარიბაშვილები, "ქართული ოცნების" წვრილფეხობა, მაგრამ მას არასდროს არც გაუკრიტიკებია არც ნაბიჯი არ გადაუდგამს პირადად ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ივანიშვილისგან მას არ აქვს თანხმობა მიღებული, შესაბამისად, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


