რატი ბრეგაძე რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოს შეურაცხმყოფელ ვიდეოს შესახებ: "მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს"
08/11/2022 12:08:25 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება იყოს დაცული.
„საქართველოს საზღვრები კარგად არის დაცული, შესაბამისი ორგანოებიც ძალიან კარგად მუშაობენ. ამ სამსახურებს სათავეში უდგანან ღირსეული ადამიანები, მათ ასევე ღირსეული თანამშრომლები ჰყავთ. მერწმუნეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება სრულად დაცული იყოს. კონკრეტულ ადამიანებზე ვერ გეტყვით. საქართველოს საზღვარზე შემოსვლის უფლება ყველა იმ ადამიანს აქვს, რომელიც გათვალისწინებული არის საერთაშორისო შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია.
როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.
ნიკა მელია ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება, თუ რატომ ცხოვრობს რუსი ოლიგარქის ოჯახი თბილისში.


