პოსტსაბჭოთა ქვეყნები პუტინის სპეცსამმართველოს კონტროლქვეშ

09-11-2022 18:44:37 მსოფლიო

ჯერ კიდევ 2005 წელს რუსეთში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო” ჩამოყალიბდა. საგამოძიებო ცენტრმა “დოსიემ” დაადგინა, რომ ამ სტრუქტურის მთავარ ამოცანას მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა წარმოადგენს.

2012-2021 წ.წ. სამმართველოს საგარეო დაზვერვის გენერალი ვლადიმირ ჩერნოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდეგ სხვა მზვერავმა – იგორ მასლოვმა ჩაანაცვლა.

“დოსიე” ხსენებული სტრუქტურის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქმიანობის მამხილებელ საგამოძიებო მასალებსა და დასკვნებს აქვეყნებს.

საქართველო

“დოსიეს” მონაცემებით, 2020 წელს ხსენებული სამმართველო კონსულტაციებს უწევდა და აფინანსებდა ქართულ “პატრიოტთა ალიანსს”, რომლის ამოცანას 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმების ნაწილის წართმევა წარმოადგენდა.

გამოძიების შედეგების თანახმად, პარტიის ლობირების მიზნით კრემლმა დაიქირავა პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და კომპანია “პოლიტსიქრითსი”, რომელიც 2014 წელს რუსეთის მმართველ პარტია “ერთიან რუსეთს” მოსკოვის საქალაქო სათათბიროში უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარა. საქართველოს კუთხით მიხეევისა და “პოლიტსიქრითსის” მიერ გაწეული საქმიანობა 700 000 დოლარად შეფასდა, ქართულმა პარტიამ კი 4 წინასაარჩევნო თვისთვის მოსკოვს 8 მლნ დოლარზე მეტი მოსთხოვა. ამასთანავე, “ალიანსის” საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მოსკოვმა საქმეში ჩართო სააგენტოები “სპუტნიკ საქართველო”, “ევრაზია. დეილი”, “რეგნუმი” და პოლიტოლოგთა ცენტრი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”.

ამ ყველაფრის მიუხედავად, “პატრიოტთა ალიანსმა” არჩევნებზე მოკრძალებული შედეგი – ხმათა 3,14% წარმოადგინა, თუმცა ეს საქართველოს პარლამენტში 4 ადგილს უდრიდა.

სომხეთი

“დოსიეს” მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერებისთანავე რუსულმა სპეცსტრუქტურამ მას საგარეო დაზვერვის ორი აგენტი “მიამაგრა”. ეს უკანასკნელები რეგულარად ახდენენ მოსკოვის ინფორმირებას სომხეთის ლიდერის აქტივობების, განწყობებისა და ზრახვების შესახებ. ასე, მაგალითად, ამ გზით გახდა ცნობილი, რომ 2020 წელს ფაშინიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში” სომხეთის წევრობის მიმართ.

რუსმა მზვერავებმა სომხეთის უშიშროების სტრუქტურებშიც შეაღწიეს. მეტიც, ზოგიერთი მათ “ლუბიანკის ფილიალადაც” კი მოიხსენიებს. უშიშროების კომიტეტის ექს-ხელმძღვანელი არტურ ვენეციანი დღესაც ხშირად სტუმრობს მოსკოვს და ხვდება ბიზნესმენებს, რომლებიც აფინანსებენ “ლაზარევსკის კლუბს” – სტრუქტურას, რომელშიც პროკრემლისტურად განწყობილი სომეხი აქტივისტები შედიან.

“დოსიეს” მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის ადინისტრაციას აბარებენ მოხსენებებს სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არამ საფარიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარტია “აყვავებული სომხეთის” დამფუძნებელი გაგიკ წარუკიანიც. ამ უკანასკნელმა “ხავერდოვანი რევოლუციის” დროს ნიკოლ ფაშინიანს დაუჭირა მხარი, თუმცა შემდგომში მის მთავარ ოპონენტად იქცა და დღემდე მოითხოვს პრემიერის გადადგომას.

გავლენის სხვა აგენტები, “დოსიეს” ინფორმაციით, პერიოდულად გაჰყავთ რუსეთში მრავალრიცხოვან სემინარებზე, მრგვალ მაგიდებზე, კონფერენციებზე, ჟურნალისტურ მასტერკლასებზე.

ცნობილ რუს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის მფარველობით 2018 წელს შეიქმნა და უკვე წლებია, მოქმედებს “ლაზარევსკის კლუბი”, - სტრუქტურა, რომელიც კრემლის მხარდამჭერ სომეხ დეპუტატებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. მათ შორის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ერევნის ექს-მერი არტაშეს გეგამიანი, რომელიც სადღეისოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ღიად უჭერს მხარს. თანხებს “ლაზარევსკის კლუბი” “როსობორონექსპორტისა” (თავდაცვის მრეწველობა) და “გაზპრომისგან” იღებს.

აზერბაიჯანი

რუსული დაზვერვა მშვიდად გრძნობს თავს აზერბაიჯანშიც. ვინაიდან რუსეთი აზერბაიჯანს უახლეს შეიარაღებას აწვდიდა, ბაქოს მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვა არ სურდა.

“დოსიეს” ინფორმაციით, 2017 წელს საფრანგეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით გაძევებული პოლკოვნიკი ალექსეი ოლოხი აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოში მრჩევლად დაინიშნა.

საგამოძიებო მასალებში ფიგურირებს კიდევ 76 პირი, რომელიც, მაღალი ალბათობით, აზერბაიჯანში კრემლის ინტერესების გასატარებლად გამოიყენება. მათ შორის არიან აზერბაიჯანელ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, უნივერსიტეტების დეკანები და პერსპექტიული სტუდენტები, ბანკირები.

ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანის უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, სააგენტო “ტრენდის” მფლობელი ილგარ გუსეინოვია, რომელიც ბოლო დროს პრორუსულ პოზიციას აღარ მალავს და საჯაროდ გამოთქვამს შეშფოთებას აზერბაიჯანში თურქეთის გავლენის ზრდის გამო. გუსეინოვი ასევე ხშირი მონაწილეა კრემლის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სემინარებისა და სხვა ღონისძიებებისა.

ბალტიისპირეთი

ბალტიისპირეთის მიმართულებას 2020 წლამდე დაზვერვის პოლკოვნიკი ევგენი უმერენკოვი კურირებდა. 2013 წელს მისი თაოსნობით შედგენილ იქნა “პერსპექტიული ადამიანების” სია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საზოგადო მოღვაწეების ჩართულობით, რომლებიც კრემლს სხვადასხვა პროპაგანდისტული აქციებისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის უნდა გამოეყენებინა.

ესტონეთიდან ამ სიაში 19 მოქალაქე მოხვდა, ლატვიიდან – 9, ლიეტუვიდან – 7.

“პერსპექტიულ” ესტონელებს შორის ყველაზე ცნობილი სახე ტალინის მერი, ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელი მიხეილ კილვარტია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსულ სკოლას. 2012 წელს მას არაოფიციალური კონტაქტები ჰქონდა ესტონეთში რუსეთის საელჩოს პირველ მდივან იური ცვეტკოვთან.

კიდევ ერთი “პერსპექტიული კადრი” ესტონელი დეპუტატი, ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელი მიხეილ კორბია. 2017 წლის მაისში, სახელმწიფო მართვის მინისტრობისას მან წუხილი გამოთქვა ნატო-ში ესტონეთის წევრობის გამო, რასაც სკანდალი და გადადგომა მოჰყვა.

“დოსიეს” მონაცემებით, “პერსპექტიული ადამიანების”, ანუ გავლენის პოტენციური აგენტების ლატვიურ სიაში ფიგურირებს ასევე პოპულარულ პორტალ “Delfi.lv”-ს მთავარი რედაქტორი ინგუს ბერზინში და რუსული რედაქციის ხელმძღვანელი ანატოლი გოლუბოვიც, ასევე პორტალების “Alfa.lt”, “Diena.lt”, “Delfi.lt”, მთელი რიგი სხვა საინფორმაციო რესურსების ხელმძღვანელები,

ამავე სიაშია რუსული სახელმწიფო ტელეარხების “საშტატო კომენტატორად” ცნობილი პოლონეთის მოქალაქე მაჩეი ვიშნევსკიც და მთელი რიგი სხვებიც.

ცენტრ "დოსიეს" გამოძიება რუსული გავლენის აგენტურის კუთხით სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ვითარებასაც აანალიზებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები