ხაბეიშვილი: "მნიშვნელოვანია პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მალე ჩატარდეს"
10/11/2022 07:50:49 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობი" წევრი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მალე უნდა ჩატარდეს, რადგან "დასაკარგი დრო არ არის".
მისი თქმით, პარტიულ საქმიანობაში ღიაობა მნიშვნელოვანია.
"უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში. მივესალმები ჩემი კოლეგების, თანამებრძოლების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, ღიაობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად იმიტომ, რომ დასაკარგი დრო არც "ნაციონალურ მოძრაობას "და არც ქართველ ხალხს არ აქვს. [...] ამ პარტიას სჭირდება, გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია მისი ამომრჩევლისგან. ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს მის ამომრჩეველს - ყველანაირი დაპირისპირება, გაუგებრობა, რაიმე სახის მინიმალური დაპირისპირებაც კი ჩემთვის არის მიუღებელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მას "არანაირი თავმჯდომარის პოსტი არ აინტერესებს":
"არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს".
ცნობისთვის: 9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვენ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.
9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.


