„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი: "თავმჯდომარის არჩევნებში ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ"
10/11/2022 09:37:12 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა წამოაყენოს.
„მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატები, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. წევრები, მხარდამჭერები იქნებიან დელეგატები, ხმას მისცემენ თავმჯდომარის არჩევას“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
დღეს ენმ–ის წევრმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმაც განაცხადა, რომ კანდიდატურის დაყენებას არც იგი აპირებს.
ცნობისთვის: 9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვენ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.
9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.


