დეკანოიძე: "ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ"
10/11/2022 10:36:34 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წარადგინოს გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანა.
"არა, არ განვიხილავ [მონაწილეობას], არ ყოფილა [შემოთავაზება], მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ რეალურად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი მეგობრების საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა, მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, არც განმიხილავს, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი, რომ, მათ შორის პარლამენტში და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დემოკრატიული პროცესია და ვისაც მოუნდება, ვინც შესთავაზებს პარტიას იმ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ტრანსფერი, რა თქმა უნდა, ყველას ექნება საშუალება.არჩევნებზე ხშირად გვისაუბრია, ობიექტური უნდა ვიყო, რომ ნიკას ინიციატივა იყო თავიდანვე არჩევნები და გვქონდა ძალიან კონკრეტული პოზიცია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საუბარი იყო ვადებზე, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ვადებზე", - აცხადებს დეკანოიძე.
დღეს ენმ–ის წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმაც განაცხადეს, რომ კანდიდატურის დაყენებას არ აპირებენ.
ცნობისთვის: 9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვენ.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.
9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.


