10-11-2022 18:19:48 ანალიზი
რუსეთი აქ სამუდამოდაა – კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ამ დაპირებამ ხერსონთან მიმართებით მხოლოდ რამდენიმე კვირით შეძლო არსებობა: რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 9 ნოემბერს დათანხმდა უკრაინაში რუსული დაჯგუფების ხელმძღვანელის, გენერალ სერგეი სუროვიკინის შეთავაზებას, ჯარების დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაყვანის თაობაზე, რაც მარტიდან ოკუპირებული ქალაქის – ხერსონის დათმობასაც გულისხმობს. ეს არ იქნება ერთადერთი მიტაცებული ტერიტორია, რომლის დათმობაც მოსკოვს ანექსიის შემდეგ მოუხდა, თუმცა ხერსონი არის ერთადერთი მსხვილი რაიონული ცენტრი, რომლის დაკავებაც შეძლეს რუსებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ.
უკრაინელების კონტრშეტევის ფონზე რუსული დაჯგუფებისთვის მარჯვენა სანაპიროზე შექმნილი, მათ შორის, ლოგისტიკური პრობლემების გამო, ხერსონიდან უკან დახევას, მარცხენა სანაპიროზე გამაგრებას, რეზერვების შევსების მცდელობას და ახალი შეტევისთვის მომზადებას, სამხედრო ექსპერტები მხოლოდ დროის საკითხად და ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნევდნენ, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები ცნობებს მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან და საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ეს შესაძლოა, ხაფანგი იყოს, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქში მძიმე ბრძოლებში მათ ჩათრევას და უკრაინული არმიის დემონიზების მცდელობას.
როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განმარტა, ოკუპანტების მოძრაობას ქალაქიდან უკან დახევის თაობაზე ჯერ კიდევ პირველი ცნობების გამოჩენიდან აკვირდებიან:
„ტექნიკის ნაწილი გადააქვთ, თუმცა აღმოსავლეთ ნაპირი სრულად დაცლილი არაა. გადასასვლელები ჩვენი მხრიდან საცეცხლე კონტროლ ქვეშაა, თუმცა რიგ შემთხვევებში ახერხებენ გადასვლას“.
იმავდროულად, როგორც უკრაინელი, ისე რუსი სამხედროები სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ავრცელებენ ვიდეოებს: ერთის შემთხვევაში, კადრები ასახავს ხერსონის მიმართულებით დასახლებული პუნქტების დეოკუპაციას, ხოლო მეორე შემთხვევაში – უკან დახევას, რასაც რუსები გამოუვალი მდგომარეობით ხსნიან. „ამ პირობებში მარჯვენა სანაპიროზე თავის დაცვა სიგიჟეა“,– ამბობს ერთ–ერთი რუსი სამხედრო.
საყურადღებოა ისიც, რომ განსხვავებით ხარკოვის მიმართულებით განცდილი მარცხისა, ამ შემთხვევაში რუსი პროპაგანდისტები არც ისე მძაფრად რეაგირებენ. სარდლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, პუტინის გარემოცვის წევრმა ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმაც, რომლებიც ყურადღებას იქცევდნენ „სპეცოპერაციის“ სუროვიკინამდელი ხელმძღვანელების მწვავედ კრიტიკით. ხოლო მანამდე, 7 ნოემბერს რუსული გამოცემა „მედუზა“ წერდა, რომ კრემლში პროპაგანდისტებისთვის მზად იყო გეგმა, თუ როგორ უნდა ახსნათ მოსახლეობას ხერსონის დათმობა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მკვლევარების დაკვირვებით (რომლებიც მანამდეც იუწყებოდნენ, რომ რუსებმა მარჯვენა ნაპირის დატოვებისთვის მზადება დაიწყეს), ხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა არ იზიარებენ „ხაფანგის“ თაობაზე შეფასებებს.
მათი ხედვით, რუსეთი ახალ ფაზაზე გადავიდა და პრიორიტეტად აქცია ჯარების სათანადო წესით გადაყვანა მდინარე დნეპრზე და უკრაინის არმიის შეყოვნება და არა კონტრშეტევის სრულად შეჩერება:
„რუსეთმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე სამხედრო შენაერთების გადაყვანა გადაწყვიტა მათი ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. მათ შორის არიან საჰაერო-სადესანტო დივიზიის 76-ე და 106-ე ქვედანაყოფები. უკრაინამ შეძლო ხერსონის მიმართულებით მთავარი მიზნის მიღწევა და ეფექტური დარტყმებით და იზოლაციით აიძულა რუსი სამხედროები, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირი თავად დაეტოვებინათ, დიდი დანაკარგის გამომწვევი მასშტაბური კონტრშეტევის გარეშე“.
ხოლო უკრაინელი სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი ამბობს, რომ სურათი უფრო მკაფიო მინიმუმ, ერთ კვირაში გახდება, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსებმა რეალურად განიზრახეს ხერსონიდან უკან დახევა, ათასობით სამხედროს დნეპრზე ორგანიზებულად გადაყვანა მოწინააღმდეგესთან შეუთანხმებლად, რთული ამოცანაა, აკონტროლებენ რა გადასასვლელებს უკრაინელები. ექსპერტი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ხერსონის რეგიონში ჯერ კიდევ აგვისტოში გადმოისროლეს რუსებმა ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი კონტრშეტევის მოლოდინის ფონზე და თუ უკრაინულმა მხარემ მათ უკან დახევის შესაძლებლობა მისცა, მაღალია ალბათობა, ეს დანაყოფი აგრესორმა დონეცკის მიმართულებაზე მიამაგროს.
„ამ შემთხვევაში დავკარგავთ დონეცკს და ბევრ სამხედროს“,– აღნიშნავს ექსპერტი.
ამ ვერსიას ერთგვარად ეხმიანება დღეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან რუსული კოლონა დაიძრა და მალევე მას თავზე უკრაინულმა ავიაციამ გადაუფრინა.
„ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ საცეცხლე კონტროლს. ჩვენ მიმართულნი ვართ მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე“,– თქვა თემის კომენტირებისას უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე იზიარებს სვიტანის ანალიზს და ამბობს, რომ რუსებს უკან დახევა ბრძოლით მოუწევთ – უკრაინელები არ გეგმავენ მათთვის დერეფნის გახსნას.
გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ ზოგადად, ხერსონის რაიონი რუსებისთვის მნიშვნელოვანი იყო ოდესა–ნიკოლაევის მიმართულებაზე შეტევის კონტექსტში, როგორც ამას გეგმავდნენ. ვინაიდან რუსებს ამგვარი შესაძლებლობა ამოეწურათ, ხერსონი აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი რგოლი რუსეთის თავდაცვის სისტემაში: ისინი იმყოფებოდნენ მდინარის ნაპირზე, რომლის სიგანეც სხვადასხვა წერტილში 200–დან 500 მეტრამდეა, მოყვნენ ზუსტი დარტყმების ქვეშ, შედეგად მომარაგების ხაზები მნიშვნელოვნად შეუსუსტდათ, შესაბამისად, დაცვის გარნიზონის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა:
„ამდენად, სამხედრო თვალსაზრისით, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: თუ ვერ ახორციელებ შეტევას, დაჯგუფების მომარაგებას, სჯობს, ბუნებრივი ზღუდე (ამ შემთხვევაში მდინარე დნეპრი) გამოიყენო დაცვის ორგანიზებისთვის. როგორც ვთქვი, სამხედრო თვალსაზრისით ეს ნაბიჯი გამართლებულია, თუმცა იმავდროულად, აჩვენებს მათ უუნარობას, დაიცვან ეს რაიონი. ამასთან, მოტივაცია ძალიან დაბალი აქვთ – მათ ფაქტობრივად, არ იბრძოლეს ქალაქისთვის. ზოგადად, რუსებს არც ერთი ქალაქისთვის არ უბრძოლიათ, როგორც ეს უკრაინელებმა გააკეთეს მაგალითად, მარიუპოლში. თავის მხრივ, უკრაინელებს არც ერთი ქალაქი არ აუღიათ შეტევით – ყველა ქალაქს ისინი ათავისუფლებენ ჭკვიანური, შემოვლითი მანევრებით, რაც კლასიკაა.
კიდევ ერთი ფაქტორია ოპერატიული თვალსაზრისით: უკრაინელებისთვის უფრო მარტივი იყო მარიუპოლის მიმართულებაზე შეტევა. ამ შემთხვევაში, შუაზე გაჭრიდნენ რუსების სახმელეთო დერეფანს, რომელიც მათ აკავშირებთ ყირიმთან. მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინელები ორი რუსული დაჯგუფების შუაში აღმოჩნდებოდნენ. ამდენად, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც აიღეს უკიდურესი – ხერსონის მიმართულება. აქედან შეძლებენ დერეფნის მიმართულებაზე გარკვეული მოქმედებების ორგანიზებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის რუსებისთვის მარცხი როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ხოლო უკრაინელებისთვის, ცხადია, ნებისმიერი სანტიმეტრის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია მორალურად და სამხედრო კუთხითაც“.
ამასთან, გენერალი ფიქრობს, რომ უკრაინელების სიფრთხილე ლოგიკურია: რუსები ქალაქში დივერსიულ ჯგუფებს დატოვებენ; როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დანაღმავენ ვრცელ ტერიტორიებს და არ არის გამორიცხული, მარიუპოლში გამოყენებულ მეთოდსაც მიმართონ – ქალაქის მიწასთან გასწორებას. ამდენად, კაპანაძე ვარაუდობს, რომ უკრაინელები მცირე ზომის ჯგუფებს შეუშვებენ ქალაქში დაზვერვის მიზნით; შემდეგ იმოქმედებენ ინჟინრები; არ დააბრუნებენ მოსახლეობას, მაგრამ იქ ჩარჩენილ მოქალაქეებს მხარდაჭერა სჭირდებათ, რაც უკრაინელების „კისერზე გადადის და დამატებითი ტვირთი იქნება“.
გენერალი აღიარებს, რომ რუსების ხერსონიდან ფაქტობრივად, უბრძოლველად გასვლა ეჭვებს იწვევს, თუმცა არ ელის, რომ მათ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დამბა ააფეთქონ, რომლის დანაღმვის შესახებაც ვრცელდებოდა ცნობები. ამგვარ რწმენას კაპანაძეს ის გარემოება უქმნის, რომ მარცხენა ნაპირი, სადაც რუსების თავდაცვის ზღუდეა მოწყობილი, უფრო დაბალია და დატბორვას მეტად დაექვემდებარება, ვიდრე ხერსონი.
ჯამში, კაპანაძის დაკვირვებით, ოკუპანტების ხერსონიდან გასვლა ცვლის შემდეგს:
გენერალი ვარაუდობს, რომ რუსები შეეცდებიან, ზამთრამდე ბამუტი–სოლედარის მიმართებაზე გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლებია, რომ „რაღაც დადებითი ჰქონდეთ ხელთ“, ხოლო უკრაინელებმა თავიანთი პოზიტივი ხერსონის გზით უკვე მოიპოვეს: „იქნება ტაქტიკური დონის შეტევებიც, მაგრამ ალბათ, ორივე მხარის ძირითადი აქცენტი ძალების დაგროვებაზე გადავა. იმედი მაქვს, რომ თვალსაჩინო გარდამტეხი ეტაპი გაზაფხულზე დადგება“.
გენერალი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ რუსებს მობილიზებულთა რიცხოვნობამ ფრონტის ხაზზე არსებული „ღრიჭოების“ მასით ამოვსების შესაძლებლობა მისცა. მათ შორის დანაკარგები იზრდება, მაგრამ გადარჩენილი სამხედრო ადაპტირდება გარემოპირობებთან, იძენს საბრძოლო გამოცდილებას. ამიტომ, კაპანაძე იმედოვნებს, რომ უკრაინელები დანაყოფებს მომზადებული პერსონალით შეავსებენ და არ მისცემენ აგრესორს ომის გაჭიანურების შესაძლებლობას.
„უკრაინას სჭირდება მეტი შეტევითი აღჭურვილობა, რაც გულისხმობს ჯავშანტექნიკას, ახლო მხარდაჭერის საჰაერო და დაზვერვის შესაძლებლობებს“,– ხაზს უსვამს კაპანაძე.