34 დამოუკიდებელი სახელმწიფო რუსეთის ტერიტორიაზე: იმპერიის რღვევა დაიწყო?

10-11-2022 19:02:54 ინტერვიუ

ოქტომბრის ბოლოს ოირათ-ყალმუხი ხალხის კომგრესმა “ყალმუხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ” დეკლარაცია მიიღო. და ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ეროვნული სუბიექტების მხრიდან თვითგამორკვევისკენ სწრაფვის დეკლარირების პირველი შემთხვევა არაა: ვარშავაში, პრაღასა და გდანსკში რუსეთის თავისუფალ ხალხთა ფორუმები გაიმართა, კიევში კი “კრემლის რეჟიმის მიერ დევნილი” ეთნოსების წარმომადგენლების შეკრება ჩატარდა.

ოირათ-ყალმუხი ხალხის კონგრესი კოორდინირებას უწევს ჩუულგანებს — ეროვნული აქტივისტების ყრილობებს, რომლებიც ელისტაში 2015 წლიდან ტარდება. სადღეისოდ კონგრესის წევრთა ნაწილი ემიგრაციაშია, ნაწილიც რუსეთში რჩება და კვლავინდებურად განიცდის დევნას. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კონგრესს ყალმუხი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლობით ორგანოდ მოიხსენიებს.

ყალმუხეთის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას რესპუბლიკაში ცნობილმა რიგმა სამოქალაქო აქტივისტებმაც მოაწერეს ხელი, მათ შორის – “ყალმუხური ენის განვითარების ცენტრის” ყოფილმა ხელმძღვანელმა არსლანგ სანჯიევმა, ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს” რეგიონული განყოფილების თავმჯდომარემ ბატირ ბორომანგნაევმა, ეთნოენობრივმა და პოლიტიკურმა აქტივისტებმა ერენცენ დოლიაევმა, ვლადიმირ დოვდანოვმა, ალბერტ შარაპოვმა.

დოკუმენტის ტექსტი ეფუძნება სხვა – ყალმუხეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წელს მიღებულ დეკლარაციას, რომლითაც სახალხო დეპუტატებმა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით ყალმუხური დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს სუვერენიტეტი გამოაცხადეს.

ახალი დეკლარაციის ავტორების აზრით, სსრკ-ის დაშლის პერიოდის დოკუმენტში ჩადებულმა პრინციპებმა პრაქტიკაში რეალიზება ვერ ჰპოვა რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის ქმედებებისა და მოსკოვის ზეწოლის გამო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ახალ დეკლარაციაში ჩამოთვლილია რუსეთის მოქმედი რეჟიმისადმი ძირითადი პრეტენზიები, რომლებმაც ავტორებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებისკენ უბიძგეს. მათ შორისაა “ქვეყნის უსაშველო ცენტრალიზაცია და მილიტარიზაცია", "კრემლის ტოტალური შეტევა რუსეთის მიერ დაპყრობილი არარუსი ხალხების კულტურასა და ენებზე", "საერთაშორისო დანაშაულების ჩადენა" და კიდევ ხუთი პუნქტი, რომელიც რუსული პოლიტიკის ავტორიტარულ და იმპერიალისტურ პოლიტიკაზე მიუთითებს.

ცალკე აღნიშნავენ ავტორები რეპრესირებული მოქალაქეების – ყალმუხების დეპორტაციის მსხვერპლთა უფლებების იგნორირებასა და “მიწების უკანონოდ წართმევის” პრობლემას (ტერიტორიულ დავებს, რომლებიც სტალინის ბრძანებით 1943 წელს გაუქმებულ ყალმუხეთსა და ასტრახანის მხარეს შორის წარმოიშვა).

გამოხატავს რა კრემლის პოლიტიკის მიუღებლობას, კონგრესი აუცილებლად მიიჩნევს “ოირათ-ყალმუხი ხალხის სრულ გათავისუფლებას რუსეთზე კოლონიალური დამოკიდებულებისგან" და აცხადებს, რომ “იბრძოლებს რუსეთის ფედერაციისგან ყალმუხეთის რესპუბლიკის გამოყოფისა და სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მისაღწევად".

აღსანიშნავია, რომ რუსეთში გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისაკენ მოწოდებებისა და რუსეთისგან გამოყოფის საკითხის თუნდაც განხილვისთვის.

კონგრესის თავმჯდომარემ არსლანგ სანჯიევმა Кавказ.Реалии-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ ტოვებენ ყალმუხები რუსეთს, რატომ მოუწოდებს კონგრესი დამოუკიდებლობისკენ და რატომ უნდა დაუჭიროს ამჯერად დასავლეთმა მხარი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ეროვნული რესპუბლიკების მოსახლეობის ნებას.

- გვიამბეთ კოგრესის უახლოესი გეგმების შესახებ. იგეგმება თუ არა მუშაობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მონღოლეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში გაქცეულ ყალმუხებთან?

- უახლოესი პერიოდისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა კონგრესის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ასახული იდეების რეალიზებისთვის მუშაობაა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება აქ საინფორმაციო სივრცეში აქტიურობა და სხვადასხვა ქვეყნებში ცალკეულ აქტივისტებთან, სახელმწიფო და სამოქალაქო სტრუქტურებთან კონტაქტების დამყარებაა.

რა თქმა უნდა, უკვე ვმუშაობთ რუსეთიდან გაქცეულ ჩვენს თანამემამულეებთანაც, რომლებიც უმთავრესად აქტიური ასაკის ადამიანები არიან. დიახ, ახლა ისინი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ მათ შორის ბევრია ყალმუხეთის პატრიოტი, თავისი საქმის პროფესიონალი, ყალმუხეთის უკეთესი მომავლისთვის მოწადინებული მოქალაქე.

- უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გააქტიურდა მოწოდებები რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ხალხთა თვითგამორკვევისკენ. მეტიც, გაიმართა “პოსტრუსეთის ფორუმიც”. სამომავლოდ რას ელით?

- იმპერიის რღვევა სახეზეა. ეს კანონზომიერი ისტორიული პროცესია, რომელიც მაქსიმალურად დაჩქარდა კრემლის უგუნური და არაშორსმჭვრეტელური საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგად. რღვევის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მიმდინარე ომის შედეგებსა და ანტიპუტინური კოალიციის მოქმედებაზე ოპოზიციისა და სხვადასხვა კლანების სახით როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

- უახლოეს ისტორიაში მხოლოდ ერთი მაგალითი მოგვეპოვება მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირების და ეს ჩეჩნეთია. მაგრამ 1990-იან წლებში ჩეჩნეთის სუვერენიტეტი არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა. დღესაც კი ამაზე მხოლოდ უკრაინაში საუბრობენ. ფიქრობთ, ახლა დასავლეთმა შეიძლება, პოზიცია შეიცვალოს ჩეჩნეთისა და რუსეთის სხვა ეროვნული რესპუბლიკების სწრაფვის მიმართ?

- ჩეჩნეთის ომს დასავლეთში რუსეთის შიდა კონფლიქტად განიხილავდნენ და ოფიციალური ვერსიით, მაშინ საუბარი მიდიოდა კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე. მაშინ რუსეთს, როგორც ქვეყანას, რომელმაც ეს-ესაა დააღწია თავი კომუნიზმის ტოტალიტარულ მარწუხებს და თავისუფალი სამყაროსკენ იღწვოდა, ნდობის დიდი კრედიტი ჰქონდა. მაგრამ 20 წლის განმავლობაში ეს კრედიტი თითქმის სრულად ამოწურა პუტიის რეჟიმმა, რომელიც სადღეისოდ უკვე ტერორისტულადაა აღიარებული.

უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა პირად და კოლექტიურ აღქმაში, თუნდაც იმიტომ, რომ მანამდე არავის სმენია ბირთვული იარაღის გამოყენების კონკრეტული მუქარა. დარწმუნებული ვარ, სადღეისოდ პოლიტიკური ვითარება სრულიად განსხვავებულია და რუსეთის ხალხთა დამოუკიდებლობა სრულიად საფუძვლიანად იქნება განხილული დასავლელი პოლიტიკოსებისა და მთელი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ სულ სხვა პოზიციიდან. გარდა ამისა, თავად რუსეთის ხალხებიც უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული ამ ომის შემდეგ იღებენ სრულ მორალურ და იურიდიულ უფლებას, აგრესორი ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლის საკითხი დააყენონ.

- დაასახელეთ მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ უნდა იყოს ყალმუხეთი მოსკოვთან ერთად.

- მოსკოვმა არასანდო პარტნიორად და მოკავშირედ წარმოაჩინა თავი, რის შედეგადაც ყალმუხეთი, ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ეროვნული რესპუბლიკა, უკვე მრავალი წელია, ბოლო ადგილებს იკავებს რუსეთის რეგიონებს შორის ყველა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის კუთხით. გარდა ამისა, ათწლეულობით არ სრულდება ჯერ კიდევ 1991 წელს მიღებული კანონი "რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ", არაა აღდენილი ჩვენი რესპუბლიკის ჯერ კიდევ სტალინის დროს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. არსებობს რიგი სხვა მწვავე პრობლემებიც, დაკავშირებული, მაგალითად, მშობლიურ ენასთან, ეკოლოგიასთან და ა.შ., რომელთა გადაჭრაც მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით შეგვეძლება.

- როგორ ფიქრობთ, დამოუკიდებელი რესპუბლიკების გამოცხადება შეიძლება, გარედან იყოს ინიცირებული, თუ ეს წმინდად შიდა პროცესია?

- ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ყველაფერი მჭიდრო კავშირშია და ერთმანეთზე ზემოქმედებს. ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა.

- თუ გააჩნია ყალმუხეთის ეროვნულ მოძრაობას სადღეისოდ მოკავშირეები სხვა დიასპორების წარმომადგენლებში?

- რა თქმა უნდა. ისინი გაერთიანებულები არიან ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში — თავისუფალ ერთა ლიგაში. ეს გახლავთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც რუსეთის ხალხთა ეროვნულ მოძრაობებს აერთიანებს. მასში შედიან ბაშკირების, კაზაკების, ინგერმანლანდების, ბურიატების, თათრების, ერზიანელებისა და ყალმუხების ეროვნული მოძრაობები.

- სადღეისოდ ყალმუხეთში არ არის ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ იმდენად მასობრივი პროტესტი, როგორიც მახაჭყალასა და ნალჩიკში ვიხილეთ. რატომ?

- რთული კითხვაა. როგორც ჩანს, მიზეზები იგივეა, რაც მთელს რუსეთში. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია კრემლის უდიდესი მავნე ზეგავლენისა რეგიონებზე. და ალბათ, სწორედ თვითგადარჩენის ინსტინქტი გვიბიძგებს, მოსკოვისგან რაც შეიძლება, შორს დავიჭიროთ თავი.

- დღეს უკრაინაში ჩეჩნეთისა და დაღესტნის ეროვნული ბატალიონები მოქმედებენ. ყალმუხებიც არიან უკრაინის დამცველებს შორის?

- დღემდე მათ შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ სამომავლოდ ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ჩვენი კონგრესი, რომელიც მიღებულ დეკლარაციაში მოცული იდეების რეალიზებას გეგმავს, უკვე შეუდგა თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას. სრულიად შესაძლებელია, ჩვენი ხალხის წარმომადგენლებმა სამხედრო მომზადება ნატო-ს სტანდარტებით გაიარონ, მიიღონ საბრძოლო გამოცდილება უკრაინაში და იქცნენ ყალმუხეთის თავდაცვის ძალების ბირთვად.

- რატომ დარჩა, თქვენი აზრით, არარეალიზებული 1990 წლის დეკლარაცია?

- ჩემი აზრით, ისტორიული შანსი ხელიდან იქნა გაშვებული, როცა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიის აკრძალვის შესახებ და სახელმწიფო უშიშროებასა და კომპარტიაში ხელმძღვანელი კადრების ლუსტრაციის ჩატარება ვერ გაბედა. მოგვიანებით მან პირადად გადასცა ძალაუფლება КГБ-ს ოფიცერ პუტინს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ჩვენთვის არა მარტო მწარე გამოცდილებად, არამედ კარგ გაკვეთილად იქცევა მომავლისთვის, რომელიც კარს უკვე მოგვადგა.

***

  • 2021 წელი ყალმუხეთს სამოქალაქო საზოგადოების არნახული აქტივობით დაამახსოვრდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ აქ გაიმართა ოირათ-ყალმუხი ხალხის ყრილობა, პირველად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი სასამართლო.
  • 2021 წლის 29 მაისს ოირათ-ყალმუხი ხალხის მესამე ყრილობაში 200-მდე აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. დასკვნით კომუნიკეში მათ ყალმუხეთის ლიდერ ბათუ ხასიკოვის გადადგომა და სახალხო ხურალის (პარლამენტის) დათხოვნა მოითხოვეს, ასევე 2023 წლის არჩევნებამდე გაერთიანებისაკენ მოწოდებით გამოვიდნენ.
  • ყრილობის დასრულებისთანავე დააკავეს მისი რამდენიმე ორგანიზატორი. შემდგომში, რამდენიმე თვის განმავლობაში “ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საჯარო ღონისძიების ორგანიზების” ბრალდებით (მიუხედავად იმისა, რომ ყრილობა კერძო დახურულ ტერიტორიაზე გაიმართა) ადმინისტრაციული წესით დევნას დაექვემდებარნენ ვალერი ბადმაევი, ადუჩი ერდნეევი, ოქსანა სანჯინოვა, სანალ მოლოტკოვი, ბატირ ბორომანგნაევი, ნამსირ მანჯიევი, არსლანგ სანჯიევი, სავრ დაკინოვი და სხვები. მათ დადგენილება ზედა ინსტანციებში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.
  • ხასიკოვის გადადგომას მოითხოვენ ყალმუხეთის სახალხო ხურალის დეპუტატებიც. რუსეთის მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” წარმომადგენელმა დეპუტატმა საგლარ ბაკინოვამ განაცხადა, რომ მისი კოლეგები მზად არიან, გაიხილონ პრეზიდენტ პუტუნისადმი მიმართვა თხოვნით ყალმუხეთში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების თაობაზე.
  • მიმდინარე წლის ოქტომბერში უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადენილება ჩეჩნური რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულობის შესახებ და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო.
  • მიმდინარე წლის ივლისში ევროპაში თავისუფალ ხალხთა ფორუმი ჩატარდა. მისმა მონაწილეებმა ვლადიმირ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგ შესაძლო ტერიტორიული მოწყობის საკითხები განიხილეს. ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ახალი რუქა: მასზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორია დაყოფილია 34 სახელმწიფოდ, რომლებმაც, მათი თქმით, “თავისუფალი რუსეთის სახელმწიფოთა თანამეგობრობა” უნდა ჩამოაყალიბონ. რუქაზე ვხედავთ ყუბანს, “კავკასიის კონფედერაციას” ცენტრით ვლადიკავკაზში, "რესპუბიკა ჩერქეზეთს", "დონის რესპუბლიკას", დამოუკიდეველ ყალმუხეთს, დაღესტანსა და იჩქერიას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები