ბოკერია – წულუკიანის განცხადების შესახებ: "ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის და მისი ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება"
10/11/2022 15:01:28 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ვიცე–პრემიერის, კულტურისა მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ევროკავშირის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას "ბოდვას" უწოდებს.
მისი თქმით, „ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის“:
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, ოღონდ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების პირისგან, ანუ მინისტრისგან, დასავლეთისა და ევროპის, ანუ იმ წიაღის პირდაპირი დემონიზების და ამავდროულად ხალხის უტიფრად მოტყუების. თუ ასეთია ევროპა და ჩვენს მოკავშირეებს ბოროტი განზრახვა აქვთ, ომი უნდათ და ასე შემდეგ, მაშინ მეორე ხელით რატომ ატყუებენ ხალხს, თითქოს სურთ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ზოგადად დასავლეთის, უბრალოდ ევროკავშირის - არა. არ უნდა მოტყუვდეს არცერთი პატრიოტი მოქალაქე - ვინც ასეთ ბოდვას იძახის, მას პირდაპირი პოლიტიკური განაჩენი ეკუთვნის, მისი ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად "ნაყოფიერი ნიადაგია".


