Accentnews.ge
პრეზიდენტმა და UNESCO-ს გენდირექტორმა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის საკითხი განიხილეს

პრეზიდენტმა და UNESCO-ს გენდირექტორმა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის საკითხი განიხილეს

10/11/2022 15:48:13 პოლიტიკა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები.

"პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა დააყენა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი.

როგორც UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და UNESCO ცდილობს, ჰააგის კონვენციის ფარგლებში შეიმუშაოს ახალი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს, კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, რათა საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ახალი მექანიზმები შემუშავდეს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი, UNESCO-მ განიხილოს, როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს.

სალომე ზურაბიშვილმა UNESCO-ს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.

შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს UNESCO-სთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S