გიორგი სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურები დაუყოვნებლივ ჩაატაროს
11/11/2022 07:47:10 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი "ლელოდან", თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს, კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურები დაუყოვნებლიც ჩაატაროს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტს დღემდე არ დაუყენებია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, რაც არღვევს კონსტიტუციას.
"ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტთან, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწყებულია ინტენსიური პროცესი, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა სპქეტრი. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ზიანს აყენებს ცესკოში არსებული რეგიტიმაციის კრიზისი, რაც დაკავშირებულია ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის სტატუსთან. ამ პირებს 15 აგვისტოს გაუვიდან 6-თვიანი ვადა, საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი და კანონმდებლობის სრული დაცვით, შერჩეული კანდიდატები ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტს არჩევისთვის ჰქონდა 14-დღიანი ვადა, თუმცა კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაუყენებია, რაც სამართლებრივი პრობლემაა. მას ან უნდა აერჩია კანდიდატები, ან ჩაეგდო ისინი. ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდებოდა პროცესი. ეს არღვევს არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპს, არამედ არღვევს ასარჩევი კანდიდატების კონსტიტუციის უფლებასაც, რომლებიც თვეებია უშედეგოდ ელოდებიან კენჭისყრას", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.
"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ორჯერ 6-6-თვიანი ვადით იკავებს. ის ორივეჯერ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას ამ თანამდებობის დაკავება მესამედ სურდა.


