Accentnews.ge
ნადირაძე: "ჩალაძის გადაწყვეტილებას მივესალმებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, არჩევნებს კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება"

ნადირაძე: "ჩალაძის გადაწყვეტილებას მივესალმებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, არჩევნებს კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება"

11/11/2022 09:19:35 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ მიესალმება თანაპარტიელ გიორგი ჩალაძის გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე.

მისი თქმით, არჩევნებს კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება.

„მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. გიორგი ჩალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ხედავდით, როგორ აქტიურად იბრძოდა მიშას ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა პარტიაში ასევე არის ბევრი გამორჩეული, ღირსეული, აქტიური ლიდერი. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი ეყოლება. სწრაფად უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა დავნიშნოთ კონკრეტული თარიღი და ვიმსჯელოთ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს. პარტიული ორგანოები ჩვენმა ასობით ათასმა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს. პარტიისთვის მთავარი იყო და არის რუსი ოლიგარქის დამარცხება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩალაძე, ისევე, როგორც ყველა სხვა ლიდერი, ამ მთავარი საქმით ვართ დაკავებული. ფაქტია, დროა არ ითმენს. ველოდებით თარიღის ჩანიშვნას და ახალი არჩვნების ჩატარებას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, ირაკლი ნადირაძემ განმარტა, რატომ ჩაატარა ორი დღის წინ ბრიფინგი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

"რატომ ბიბლიოთეკა? ისიც და ოფისიც ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან და რომ არავის დარჩენოდა განცდა, მიშას ვემიჯნებით და მივდივართ პარტიიდან, სწორედ ამიტომ იქნა არჩეული მეორე ლოკაციად საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა"

ცნობისთვის: 9 ნოემბერს ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

11 ნოემბერს ენმ–ის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. მოგვიანებით, მსგავსი განცხადება გააკეთა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S