"ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს ადებენ კეზერაშვილს, რომ შიდაპარტიული გადატრიალების უკან დგას, ეს გვაჩვენებს, რამხელა ოლიგარქიული გავლენაა რადიკალურ ოპოზიციაში"
11/11/2022 09:54:23 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ხელს ადებენ დავით კეზერაშვილს, რომ ის შიდაპარტიული გადატრიალების უკან დგას, რაც გვაჩვენებს, რამხელაა ოლიგარქიული გავლენა რადიკალურ ოპოზიციაში".
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პატივს არ სცემენ საკუთარი გუნდის წევრების მოსაზრებებს, რაც იწვევს დაპირისპირებას".
"ეს ყველაფერი გვაჩვენებს, თუ რამხელაა ოლიგარქიული გავლენა რადიკალურ ოპოზიციაში. ჩვენ ამას პირდაპირ გვიდასტურებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ხელს ადებენ დავით კეზერაშვილს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ამ შიდა პარტიული გადატრიალების უკან დგას. ეს არის ოლიგარქიის ცუდი გავლენა, რომელზეც სწორედ ევროკომისია საუბრობდა. საბოლოო ჯამში, ერთადერთი რაც შეიძლება ვისურვოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მცირე საკუთარ პარტიაში მაინც შეძლებს ოლიგარქიული გავლენების რამენაირად შესუსტებას, თუმცა როგორც ვხედავთ, პირიქით, მიდის და როგორც ჩანს, ეს საქმე უფრო გაძლიერებისკენ წავა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: 9 ნოემბერს ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურის და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობს და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.
9 ნოემბერს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
11 ნოემბერს ენმ–ის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. მოგვიანებით, მსგავსი განცხადება გააკეთა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.


