ზარქუა: "ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები აძლევდნენ ხმას და აშშ–ში საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ"
14/11/2022 08:10:51 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუამ შეერთებულ შტატებში გამართულ შუალედურ არჩევნებს აკრიტიკებს და აშშ-ს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დროულად შესრულებისკენ მოუწოდებს.
„სიმართლე გითხრათ ცოტა გაოცებული ვარ, მსუბუქად რომ ვთქვა. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ მერამდენე დღეა, გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან. რაც ჩვენ ეუთო-ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი, სადაც არის პოლარიზაცია, მოსყიდვა, დაშინება... რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ. ეს თუ სიმართლეა, ჩვენთან გარდაცვლილები მაინც აძლევდნენ ხმას და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ალბათ, დავგმობდი. გულისტკივილით ვამბობ ამას იმიტომ, რომ ჩვენ აშშ-ს, ისევე როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოს ველოდებით და ვუყურებთ როგორც მაგალითის მომცემს და როდესაც ეუთო/ოდირის ასეთი დასკვნა დაიდება, იქ რანაირად უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რანაირად უნდა ავუხსნათ მას რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი, რომ დაშინება გამორიცხულია, მოსყიდვა გამორიცხულია. გაგვიჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებდი აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები რაც არის, მათ შორის ეუთო/ოდირის, არც ერთი არ ქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. მე მინდა, ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი იმიტომ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რატომ გვინდა დასავლეთი და რატომ გვინდა ევროატლანტიკურ სივრცეში“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის: აშშ–ში 8 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, პენსილვანიის შტატში გარდაცვლილმა კანდიდატმა ტონი დელუკამ ამომრჩეველთა ხმების ხმების 85% მიიღო.
უკავშირდება თუ არა გარდაცვლილი კანდიდატის გამარჯვება არჩევნების გაყალბებას
აშშ–ის კანონმდებლობით, არჩევნებში კანდიდატების დაყენება მხოლოდ ბიულეტენების დაბეჭდვამდეა შესაძლებელი. საარჩევნო ბიულეტენები 28 სექტემბერს დაიბეჭდა. 85 წლის ტონი დელუკა ბიულეტენების დაბეჭდვის შემდეგ 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი ლიმფომით იყო დაავადებული.
მისი გარდაცვალების პერიოდისთვის უკვე შეუძლებელი იყო ბიულეტენების შეცვლა ან მისი ადგილმონაცვლეს დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი ტონი დელუკას ოპონენტმა ქვეონია "ზარა" ლივინგსტონმა ამომრჩეველთა ხმების 14%-ზე მეტი მიიღო, პენსილვანიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, შტატში ხელახალი რიგგარეშე არჩევნები მოგვიანებით გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. მაგალითად, 2018 წელს რესპუბლიკელმა დენის ჰოფმა ნევადის სენატში მოიპოვა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. თუმცა პენსილვანიისგან განსხვავებით, მისმა გამარჯვების შემდეგ არ დანიშნულა რიგგარეშე არჩევნები, რადგან ნევადის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეეძლოთ, დაენიშნათ რესპუბლიკელი ჰოფის შემცვლელი.


