მუმლაძე: "ჩვენი მიზანია, "ნაციონალური მოძრაობა" გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი საქართველოს მასშტაბით"
14/11/2022 08:43:42 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციის "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი მუმლაძის განცხადებით, აუცილებელია, შეიცვალოს "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი ნიკა მელია და პარტია გახდეს უფრო აქტიური "აქციების ფლაგმანი". ამის შესახებ მან პარლამენტის წინ განაცხადა, სადაც მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა.
"დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს. მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ამის რეცეპტიაა ყველაზე დიდ პარტიაში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელდეს ცვლილებები - შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა უძრაობამდე. ჩვენი მიზანია, ეს პარტია გახდეს აქტიური, გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე", - აღნიშნა მუმლაძემ.
ცნობისთვის: "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას მოითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს ბრიფინგი გამართა. იმავე საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია" და გეგმავს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
11 ნოემბერს გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ სურს გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს ამავე პარტიის წევრ გიორგი ჩალაძესაც.


