რომელი რუქით ხელმძღვანელობენ ოკუპანტები, სადაა მორიგი საფრთხე და რა არის გამოსავალი – ექს–მინისტრის მოსაზრებები

21-10-2019 17:21:00 კონფლიქტები ,თვალსაზრისი ,კომენტარი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალურად დამზადებული რუქა, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად არის მონიშნული ხაზი, რომელსაც ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესში მიჰყვებიან. შესაბამისად, მისივე თქმით, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვით, შესაძლებელია პრევენცია.


ხიდაშელი ამბობს იმასაც, რომ ოკუპანტები არა კონკრეტული რუქით, არამედ რამდენიმე რუქით ხელმძღვანელობენ.   

"როდესაც ოკუპანტი იწყებს მოძრაობას, ჩვენი ამოცანაა, პრევენციისთვის საფრთხე დავთვალოთ. როდესაც 2015 წელს საქართველოში იმყოფებოდა ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი, გადავეცი რუქა, რომელიც სპეციალურად დავამზადებინე თავდაცვის სამინისტროში. ამ რუქაზწე მოვნიშნეთ ის ტერიტორია, როგორ გაივლიდა პირობითი საზღვარი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, მათთვის [ოკუპანტებისთვის] რა სეიძლებოდა, ყოფილიყო ნიშნულები. როდესაც ნახავთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა დროინდელ რუქებს, აღმოაჩენთ, რომ როგორც დღეს მიჰყვებიან ისინი, ასეთი საზღვარი არ არსებობს. მაშინ ასეთი აზრი გამიჩნდა და ვთხოვე ჩვენს შესაბამის სამსახურს, საბჭოთა დროინდელი ყველა რუქა ერთმანეთზე გადაედოთ, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვარს აჩვენებდა. აღმოჩნდა, რომ ამ სხვადასხვა დროის რუქებზე არსებული უკიდურესი წერტილები აქვთ გაერთიანებული და ისე მოძრაობენ",– განაცხადა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე შეფასებით, სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ არის პრევენციული ღონისძიება. 

"სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მზაობის საჩვენებლად. ამიტომ სამოქალაქო აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ეს ვერ მოახდენს პრევენციას და ვერ იქნება საკმარისი ღონისძიება, ამას სჭირდება ხელისუფლების აქტიური მოქმედება. უშიშროების საბჭოზე მქონდა გეგმა, რომელიც არ ვამბობ, რომ უნიკალურია, მაგრამ ხელების ჩამოშვებისგან განსხვავებულია. ჩვენ ვიცით, სად იქნება მორიგი ძელი, მაგრამ არის მოცემულობა, რომ იქ ჯარს ვერ ჩავაყენებთ, ომის პროვოცირებისთვის არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას ჩვენი მხრიდან. განსაკუთრებით პირველ წლებში ეს ["ბორდერიზაციის"] პროცესი დაუსახლებენ ტერიტორიებში მიმდინარეობდა. ჩემი გეგმა იყო, რომ იქ 12 თვის განმავლობაში აქყიური სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები განხორციელებულიყო: ადამიანების, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ბარიერი უნდა იყოს შექმნილი, რომელთაც კონფრონტაციაც მოუწევს რუს სამხედროებს. ამას ერიდებიან რუსი სამხედროები. ინდივიდუალური შემთხვევები გვქონდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ჯგუფური სეტაკების შემთხვევების არ გვქონია. ამ წუთას ასეთი პოლიტიკა აქვს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ღია კონფრონტაციაზე არ გადმოდის. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მე და პრეზიდენტი დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში ვურეკავდით ერთმანეთს და ვეუბნებოდით, "დედა რა იყო ეს?!", რადგან ვერ მივახვედრეთ ამის მნიშვნელობას და აუცილებლობას სხვა თანამდებობის პირები. მძიმე საუბარი იყო, ხშირ შემთხვევაში არასერიოზული",– განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, "ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბუფერი, რომელიც ხელს მაინც შეუშლის რუს სამხედროებს მოქმედებაში". 

ამასთან ის აკრიტიკებს ხელისუფლების პოლიტიკას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებთან მიმართებაში. 

"როდესაც ფიზიკურად გაქვს სოფელი, მაქსიმალურად უნდა გააძლიერო, რათა ხალხი დარჩეს, კი არ გამორბოდეს",– დასძინა ხიდაშელმა. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები