მდინარაძე ოპოზიციას ომბუდსმენობის კანდიდატზე შესათანხმებლად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს
14/11/2022 15:12:32 პოლიტიკა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე ოპოზიციას ომბუდსმენობის კანდიდატზე შესათანხმებლად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
“არც ერთი ჩვენი ოპონენტი არ შემოგვხმიანებია და კონსულტაციების სურვილი არ გამოუთქვამს. ამდენი ხანი ველოდებოდით. ამიტომ, ხვალ, მე პირადად ავიღებ ამის ინიციატივას, რომ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებს, ჩვენი ოპონენტი პარტიის მხრიდან ფრაქციის თავმჯდომარეს, ვთხოვ, რომ დავიწყოთ კონსულტაციები, რომ თუ ვინმეს თეორიული შანსი აქვს, ჩვენ შევთანხმდეთ მის კანდიდატურაზე. [...] თუკი თეორიულად შესაძლებელია შეთანხმება რომელიმე კანდიდატზე ჩვენ შევეცდებით, რომ ეს შანსი პრაქტიკულად ვაქციოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” არცერთ პარტიას არ უცხადებს მხარდაჭერას საჯაროდ:
“იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია, განსაკუთრებით რადიკალური ფრთის ბუნებიდან გამომდინარე, ვიღაც მართლაც მოსაწონი იყოს და მას მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირონ მხარი, რომ ეს შეიძლება უმრავლესობას არ მოეწონოს. ამიტომ, საერთოდ არც ერთი კანდიდატის მიმართ უმრავლესობის სხდომაზეც კი არ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას. მათი მხრიდან იქნებ წამოვიდეს რაიმე ინიციატივა ისეთი, რომელიც თეორიულად მაინც მისაღები იქნება”.


