ზურაბიშვილი: "საქართველოს მოსახლეობა სრულიად უკრაინის გვერდით დგას, რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს, იყოს ფრთხილი"
15/11/2022 08:45:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში უკრაინისადმი მზარდაჭერაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "საქართველოს მოსახლეობა სრულიად უკრაინის გვერდით დგას, რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს, იყოს ფრთხილი".
„ქვეყნის მოსახლეობა სრულად უკრაინის გვერდით. ამაზე ეჭვი არ არსებობს. ნებისმიერ დროს, როდესაც ამის საჭიროება არის, ხალხი გამოდის ქუჩაში. თქვენ თუ ჩამოხვალთ საქართველოში, ნახავთ, რომ კედლები მოფენილია უკრაინული დროშებით და ასევე სლოგანებით, რომლებიც პუტინს არ მოეწონებოდა. მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო ბოლო პერიოდებში რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ახლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ამ ზაფხულს თქვენ ხალხის მტერი გიწოდეს", სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:
„ამ ტერმინით არა, ეს ჩემამდე მოვიდოდა. ამ ტერმინით არა, მაგრამ ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც“.


