ღარიბაშვილი – ვარჰეის: "ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა დეპოლარიზაციის თაობაზე რეკომენდაციის შესრულება, არ არის ჩართული პროცესში"
15/11/2022 10:47:00 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ევრორეკომენდაციების პროცესში ყველა აქტორი არ არის ჩართული. ამის შესახებ მან ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბატონო კომისარო, სამწუხაროდ, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ამ რეკომენდაციების მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, "კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს":
„მას შემდეგ, რაც ჩვენ 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს და იქვე ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის".


