ოლივერ ვარჰეი: "შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი"
15/11/2022 11:20:42 პოლიტიკა
"შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი", – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც ევროპას სანდო პარტნიორები, განსაკუთრებით – ენერგეტიკულ სფეროში".
„ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგისა, რომელიც გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე, მედეგი გახდეს. ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს. ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა, დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ.
გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი - გვინდა, გვქონდეს პარტნიორობა სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ "შავი ზღვის ელექტროკაბელი", რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას ჩვენს ირგვლივ და გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი – გვინდა, პარტნიორობა ამ მიმართულებით გვქონდეს სანდო ენერგო მოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას", – განაცხადა ვარჰეიმ.
ევროკომისარმა აგრეთვე ისაუბრა "გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელის" პროექტზე.
„კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მეტნაკლებად უკავშირდება ამ პროექტს არის "გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელი", რომელიც საქართველოს დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენს შორის და მგონი, ამ მიმართულებით ძალიან კარგი წინსვლა გვაქვს. ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს დავინახავთ მალე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმა წყლის ელექტრო კაბელთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორც შეიძლება გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილენი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არა მარტო შავი ზღვის დამაკავშირებელი, არამედ სხვა მიმართულებითაც და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენს რეგიონებს შორის. ყველა ამ პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ,“- აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, "შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე":
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელი, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს, ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტ კავშირის ნაწილშიც ევროპასთან უშუალოდ და პირდაპირ, რადგან ეს არამხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე არსებობს დაკავშირებადობა, როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით. ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე და როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის საშუალება. აქ შევჩერდები, ამ ოთხის ჩამოთვლის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ მსხვილებია. მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან. ძალიან კარგად ვუყურებ და ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ ახლებს".


