რა თქვა პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში – ძირითადი გზავნილები

15-11-2022 16:41:47 პოლიტიკა

საქართველოს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი სტუმრობს. ევროპელი დიპლომატი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. აუდიენციის შემდეგ პოლიტიკოსებმა ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ვარჰეიმ რამდენიმე ძირითადი გზავნილი გააჟღერა.

მან სიტყვით გამოსვლა იმის აღნიშნვით დაიწყო, რომ იგი საქართველოში იმყოფება არა მხოლოდ, როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში არამედ ის პირველადაა ჩამოსული გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატითაც.

  • "ეკონომიკა ყვავის"

პირველი საკითხი, რომელზეც ევროკომისარმა გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა.

„მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. მართალი რომ გითხრათ, ვხედავ უკვე განვითარებას. ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში", – განაცხადა ვარჰეიმ.

  • "ვხედავთ 12 რეკომენდაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს"

მეორე საკითხი, რომელზეც ევროკომისარმა გაამახვილა ყურადღება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციას ეხება.

ვარჰეი აცხადებს, რომ ხედავს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა ქვეყანას ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზაობა აჩვენოს.

"მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთვარობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოში. და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით. გვინდა, საქართველოს დაგეხმაროთ მოსამზადებლად, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მან აღნიშნა, რომ "ისტორია არასოდეს იძლევა შანსს ორჯერ":

„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იმავე შანსს ორჯერ, ამიტომ ხელი უნდა ვსტაცოთ ამ შესაძლებლობას და რეალობად ვაქციოთ. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს. უკვე ვხედავთ, პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რათა ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და, რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. საქართველო რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ 12-ვე პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპისკენ გზაზე.

მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც მოდის თქვენსკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე. არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი, რადგან საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანების შესახებ და ბევრად ადრეც, მისი ერთგულება ევროპული ფასეულობებისა და ევროპული ღირებულების მიმართ არის რამდენიმე ათწლეულის წინანდელი. ეს ხაზი მკაფიოდ ჩანდა და განსაკუთრებით გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაო ამ მიმართულებით“.

მან ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობის აუცილებლობაზე:

„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს, შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს. პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, ჩემს ქვეყანაში უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედი მაქვს. რომ მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად. იმიტომ, რომ პარლამენტი არის საკვანძო ასპექტი ამ თანხმობაში, ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში შედის ბევრი საკითხი, ამიტომ მოგვიწევს მუშაობა ერთად და იმედი მაქვს და ეროვნული კონსენსუსი შედგება ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა“.

  • რუსული ოკუპაცია

მესამე საკითხი, რომელზეც ევროკომისარმა აღნიშნა, რომ "საქართველოში ყოფნისას გვერდს ვერ აუვლის", ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

„როდესაც საქართველოში ხარ, ვერ ასცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში ცხადყოფს, როგორც აქ, საქართველოში აჩვენებდა 2008 წლის ომი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

  • "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი

მეოთხე თემა, რომელზეც ვარჰეიმ ისაუბრა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტია.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. მისი თქმით, იდეა კრიტერიუმების მკაფიოდ განსაზღვრაშია:

"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება".

ევროკომისამრა აღნიშნა, რომ სთავაზობენ მთავრობას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს შესაფასებლად:

"ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარი კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე ქვეყანას, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში".

  • "შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი"

მეხუთე თემა, რომელზეც ვარჰეიმ ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს შეეხება.

მან შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა ევროკავშირს დაანახა სანდო და საიმედო პარტნიორების მნიშვნელობა „უსაფრთხოების და ეკონომიკის და ყველაზე მნიშვნელოვნად, ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი“.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგისა, რომელიც გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე, მედეგი გახდეს. ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს. ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ვხედავ და ვამბობ, რომ ამ პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა, დაიწყო. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, როდესაც ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ.

გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი - გვინდა, გვქონდეს პარტნიორობა სანდო ენერგომოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ "შავი ზღვის ელექტროკაბელი", რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები. სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები იქნება ეს უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას ჩვენს ირგვლივ და გზავნილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიტანე, არის ასეთი – გვინდა, პარტნიორობა ამ მიმართულებით გვქონდეს სანდო ენერგო მოწოდების კუთხით საქართველოდან და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას", – განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა აგრეთვე ისაუბრა "გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელის" პროექტზე.

„კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მეტნაკლებად უკავშირდება ამ პროექტს არის "გაციფროვნებული ღრმაწყლოვანი კაბელი", რომელიც საქართველოს დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენს შორის და მგონი, ამ მიმართულებით ძალიან კარგი წინსვლა გვაქვს. ეს იქნება პირველი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს დავინახავთ მალე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავაჩქაროთ მუშაობა ღრმა წყლის ელექტრო კაბელთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, გამოჩნდება ახალი იდეები. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ საქართველო აპირებს ელექტროენერგიის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც დამატებით შესაძლებლობას და წარმადობას შექმნის ევროპისთვის. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ მიმართულებით შევისწავლოთ ეს შესაძლებლობა და ვნახოთ, როგორც შეიძლება გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, სხვა ფლაგმანური პროექტების მიმოხილვით ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილენი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება არა მარტო შავი ზღვის დამაკავშირებელი, არამედ სხვა მიმართულებითაც და ვაჭრობა გაიზრდება, როგორც ოდესღაც ყოფილა ჩვენს რეგიონებს შორის. ყველა ამ პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა რომ მივცეთ,“- აღნიშნა ევროკომისარმა.

მისი თქმით, "შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე":

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელი, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს, ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტი არის შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტ კავშირის ნაწილშიც ევროპასთან უშუალოდ და პირდაპირ, რადგან ეს არამხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე არსებობს დაკავშირებადობა, როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით. ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე და როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის საშუალება. აქ შევჩერდები, ამ ოთხის ჩამოთვლის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ მსხვილებია. მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან. ძალიან კარგად ვუყურებ და ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ ახლებს".

ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გარდა, ოლივერ ვარჰეი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები